სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთობის” დღეს უმაღლესი საბჭოს წევრები ზუგდიდში დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წმინდა სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთობის“ დაწესების დღე მიულოცა თანამემამულეებს და იქვე აღნიშნა, რომ “2014 წლიდან ეს დღე აფხაზეთის დღედაც არის დადგენილი, რაც შემთხვევით არ მომხდარა.

 

აფხაზეთსა და ეგრისში ქრისტიანობა ანდრია და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იბერიაში „ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმინდა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა სვიმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსიისასა“.

გიორგი მთაწმინდელის სიტყვებით, „ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონს ვიტყვი კანანელსა - ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ“.

ჯემალ გამახარია გიორგი მთაწმინდელის სიტყვებზე დაყრდნობით, დაბეჯითებით იმეორებს, რომ „აფხაზეთი ოდითგანვე იყო „ქვეყანა ჩვენი“ და ამის დასტურია სვიმონ კანანელის წმინდა სახელიც“. სწორედ ამიტომ დაამთხვია ჩვენმა პატრიარქმა აფხაზეთის დღე წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს.

ვინაიდან მთლიანად მსოფლიოში და საქართველოშიც კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო შეუძლებელია 23 მაისის ისე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშვნა როგორც აქამდე ხდებოდა; ამ დღეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილთა იმ ნაწილს შეხვდნენ რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ დახმარებას და თანადგომას.

ზუგდიდში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია და აპარატის თანამშრომლები ვექტორის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან  დევნილთა 70 ოჯახს ეწვივნენ; მიულოცეს მათ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღე, ამასთან, საკუთარი დანაზოგით შეძენილი კვების პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საჭიროების სხვადასხვა ნივთები გადასცეს. დასახლებაში უმეტესობა უკიდურესი გაჭირვების მქონე ოჯახებია: უნარშეზღუდული ადამიანები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანები, ომის ვეტერანები, სოციალურად დაუცველები. ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ მარტოხელა ასაკოვან ქალბატონს დალი ყოლბაიასაც გადასცეს სასაჩუქრე ამანათი, რომელიც თავად დაუკავშირდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დახმარებისათვის, იგივე თხოვნით მიმართა უმაღლეს საბჭოს ქუთაისიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, ასევე სოციალურად დაუცველმა ლელა გვაგვალიამ; სასაჩუქრე ამანათი მასაც გადაეცა. ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცეს ზუგდიდში სოციალურად დაუცველი სამი ობოლი ბავშვის მამას,  ბექა ძაძუასაც.

ბატონები ჯემალ გამახარია და ვახტანგ ყოლბაია ენგურის ხიდზე ქართული მხარის საგუშაგოს მიმდებარედ კოვიდ 19–თან დაკავშირებით გახსნილ სამედიცინო პუნქტს ეწვივნენ, სადაც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ ზუგდიდში განლაგებული აფხაზეთის პოლიკლინიკის ექიმები, გაეცვნენ მათ ეფექტურ საქმიანობას. ექიმებმა დახმარება თხოვეს რამდენიმე საკითხის გადასაწყვეტად, რაზეც შეპირდნენ, რომ შესაბამის სამსახურებთან ოპერატიულად იმსჯელებენ, რათა დროულად გადაიჭრას ნებისმიერი მათი პრობლემა.


იხილეთ ბმული: https://youtu.be/a7LwLy16CGc


















































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions