“ქონება, რომელიც დევნილებმა აფხაზეთში დატოვეს, მათზე არაა რეგისტრირებული, რაც ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზია. რომ არა ეს პრობლემა, შეგვეძლება, ოკუპანტებთან სამართლებრივი დევნა დავიწყოთ”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.
როგორც გამახარიამ განაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოკუპანტებს არ სურთ დევნილი მოსახლეობის უკან, აფხაზეთში დაბრუნება, არის ის ქონება, რომელიც დევნილებმა იქ დატოვეს.
“ოკუპანტები დიდი ხანია ძლიერ ზეწოლას, პოლიტიკურს, თუ ფინანსურს ახორციელებენ სეპარატისტებზე, რომ დევნილების მიერ დატოვებული ქონების დაუფლების შესაძლებლობა მიიღონ. სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის მიდის ჭიდილი ამ ქონებაზე და ამიტომაც ვერ ვბრუნდებით ჩვენს სახლებში. ქონება, რომელზეც დავა ოკუპანტებსა და სეპარატისტებს შორის მიმდინარეობს, არ არის ჩვენზე რეგისტრირებული. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ საკითხზე და როდესაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ვაპირებთ, სერიოზული სამართლებრივი ბრძოლა გავუმართოთ ოკუპანტებს ამ კუთხით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული დეოკუპაციასთან”, – განაცხადა გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.
ჯემალ გამახარია ფიქრობს, რომ აღნიშნული პრობლემა, ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზია.
“ეს ყველაფერი ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზია. და გვინდა, რომ ეს გამოსწორდეს. საკითხი დაყენებულია ოფიციალურად და მიდის მუშაობა. ამას თავისი მიზეზები აქვს და მიგვაჩნია, ეს ჩვენი მთავრობის მხრიდან მოყვანილი არგუმენტები არადამაჯერებელია, თუ რატომ არ შეიძლება რეგისტრაცია. როცა ეს პრობლემა გადაწყდება, ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება იმისთვის, რომ ოკუპანტებს უფრო მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი იმ ქონებისთვის, რომელიც ჩვენ იქ დაგვრჩა”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
იხილეთ ბმული: http://mcm.ge/საქართველოს-ხელისუფლებ-2/