უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუსმინეს

დღეს, სამ ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, წერილობით დასმულ შეკითხვებზე აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, ეკა ხოფერიას პასუხები მოისმინეს.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების -  თამაზ ხუბუას, რუდიკ ცატავას, ვახტანგ ყოლბაიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ადა მარშანიას, თეიმურაზ მჟავიას, მურმან კვარაცხელიას მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. თემატიკა მრავალფეროვანი იყო; შეეხებოდა როგორც განათლების, ასევე კულტურის სფეროში გაწეულ საქმიანობას, მიღწეულ წარმატებებს, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს, მათი დაძლევის გზების ძიებას, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შემდგომი პერიოდის გამოწვევებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპების, ა(ა)იპების საქმიანობის ანალიზს.

 

ეკა ხოფერიასგან გაჟღერებული ვრცელი ინფორმაციის შემდეგ, სხდომა დებატებით გაგრძელდა. დეპუტატებისაგან რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვაც დაისვა. გაკეთდა რეკომენდაცია იმის თაობაზეც, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მეშვეობით, კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას, უპირველესად, პრიორიტეტული პრობლემების უზრუნველყოფა მოსთხოვოს.  საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრის, ეკა ხოფერიას ინოვაციურ მიდგომებს, მაღალ პასუხისმგებლობას, სიტუაციის სრულყოფილად ფლობისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარს და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

დასასრულს, პლენარული სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, რომელმაც გაიზიარა კოლეგების შეფასებები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პირადად მინისტრის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუსმინეს
https://youtu.be/s7EBZAPxdc4









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions