აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ ბიუჯეტის კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

დღეს, 11 ნოემბერს, უმაღლესი საბჭოს სესიამ, მიუხედავად მკაცრი და კრიტიკული შენიშვნებისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანას კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

 

უმაღლესი საბჭოს სესიის მუშაობაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციების სხდომებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ბატონი რაულ წულაია  მოხსენებით წარდგა. ამასთან, დეპუტატებს  სიტყვიერი ახსნა-განმარტება გაუზიარა ცალკეულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

კონკრეტული შენიშვნებით, მკაცრი კრიტიკით და საქმიანი რეკომენდაციით იყო აღბეჭდილი როგორც დღის წესრიგის მთავარ საკითხზე თანამომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას, ისე დებატებში მონაწილე თითოეული დეპუტატის პოზიცია.  დაფიქსირდა ბატონების თამაზ ხუბუას, ვახტანგ ყოლბაიას, რუდიკ ცატავას, ადა მარშანიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ზურაბ ჯგუბურიას და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ნოე ქაშიბაძის კონკრეტული და კატეგორიული მოთხოვნა, რომ მომავალში ბიუჯეტთან დაკავშირებით წინასწარ განხილვებზე გამოთქმულ ყველა კრიტიკულ შენიშვნას პასუხი უნდა გაეცეს წერილობით, საფუძვლიან არგუმენტებზე დაყრდნობით და არა სიტყვიერი ახსნა-განმარტებით; როგორც არაერთგზის აღინიშნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სწორი დასკვნის გაკეთება და კენჭისყრა თუ მხარდაჭერა გამართლებული. დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არანაკლებ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტზე საკანონმდებლო ორგანო, ამიტომაც ბიუჯეტთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის კენჭისყრისას ხელის აწევა მექანიკურად არ  და ვერ მოხდება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, მთლიანად გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული ყველა შენიშვნა. მან დეპუტატებს მოუწოდა, რომ მომავალში საკომიტეტო განხილვებზე სამთავრობო სტრუქტურების  ხელმძღვანელთა მონაწილეობით მოხდეს ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა პრობლემური და გაუგებარი სიტუაციის დეტალური გარკვევა და მხოლოდ ამის შემდეგ საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა.




































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions