აფხაზეთის უმაღლესი საბჭო IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მხარდამჭერია

26-28 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა IV საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომელიც XX საუკუნის ქართულ-თურქულ ურთიერთობებს მიეძღვნა.

 

სიმპოზიუმის მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ორგანიზატორები კი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის სამინისტრო, თურქეთის რესპუბლიკის ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭო და თურქეთის საისტორიო საზოგადოება.

 

სიმპოზიუმი გახსნა და მის მონაწილეებს - სტუმრებს თურქეთიდან, როგორც ქართველ, ისე თურქ მეცნიერებს, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს, აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ მუსა ქასიმლის   მიესალმა კონფერენციის საპატიო საბჭოს წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე;  მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს წევრმა ჯემალ გამახარიამ(იხილეთ ვიდეო).

 

ქართულ-თურქული ურთიერთობებისათვის სიმპოზიუმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი თავიანთ მისასალმებელ სიტყვებში როგორც ქართველმა, ასევე თურქმა მეცნიერებმა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო იყო თურქეთის ელჩის გამოსვლა, რომელმაც ხაზი გაუსვა, როგორც პირადად მისი, ასევე მისი ქვეყნის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და ქართულ-თურქული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორივე ქვეყნისათვის.

 

კონფერენციის მუშაობაში ცნობილ ქართველ მეცნიერებთან, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე ისტორიკოსებთან ერთად მონაწილეობენ თურქეთის ცნობილი მეცნიერები: მუჰამედ ჰექიმოღლუ - ათათურქის კულტურის, ენის და ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი; თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ბიროლ ჩეთინი, თურქეთის ცხრამეტი მაისის უნივერსიტეტის, საქარიას უნივერსიტეტისა და თურქეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ, პირველივე დღეს  კონფერენციის პირველ სხდომას უხელმძღვანელა. სხდომის ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოხსენება იყო წარმოდგენილი; კერძოდ, „პირველი მსოფლიო ომის წინ ქართულ-თურქულ დაახლოებასა და რუსეთის პოზიციაზე“ იმსჯელა სტამბოლის უნივერსიტეტის  პროფესორმა მუსტაფა თანრივერდიმ; „მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების გავლენა სამხრეთ კავკასიაზე“ იყო აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის პროფესორის მუსა ქასიმლის კვლევის საგანი. სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მაკა და მერაბ ბერიძეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო შრომები, რომელიც „ტერმინს „მესხი-მესხეთელი თურქების“ ისტორიისათვის“ განიხილავდა. თითოეული მოხსენების გარშემო მეცნიერთა შორის საინტერესო დისკუსია შედგა.

 

კონფერენციის მუშაობის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ  თურქი სტუმრებისათვის, ვახშამი გამართა.


საერთაშორისო სიმპოზიუმი სოხუმის უნივერსიტეტში და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მის ორგანიზატორებს
https://youtu.be/bQze_JdopE8






































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions