პრაქტიკული კონფერენცია - „ომი აფხაზეთში - 30 წელი“

 

13 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „ომი აფხაზეთში - 30 წელი“.

 

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე.

 

მისასალმებელი სიტყვები ასევე წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, რომლებმაც მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

მთავარი მომხსენებელი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დაზმირ ჯოჯუა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების და რუსეთის მიერ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ოკუპაციის საკითხებზე.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხონის მუნიციპალიტეტის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, აფხაზეთის მეომართა კავშირის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

 

გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები ნუგზარ მგალობლიშვილი, მურმან კვარაცხელია, რუდიკ ცატავა, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი, ასევე მოწვეული სტუმრები თენგიზ პაჭკორია და დავით გულუა.

 

კონფერენციის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დასკვნითი სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მისი თქმით, „დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი მოხსენება, ასევე შესანიშნავი გამოსვლები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, თუ რაოდენ მტკივნეული და რაოდენ აქტუალურია საკითხები, რომლებსაც დღეს შევეხეთ. ამ საკითხებზე სავსებით ბუნებრივია სხვადასხვა მოსაზრებების არსებობა, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, ყველანი ერთ გზას უნდა დავადგეთ, ერთი პოლიტიკა უნდა შევიმუშავოთ. ჩვენი აზრითაც ომი აფხაზეთში, სამწუხაროდ, აუცილებლად მოხდებოდა. ვთანხმდებით, რომ ომი იყო წინასწარ დაგეგმილი; დაგეგმილი იყო აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოცილება. ბატონმა დაზმირმა ძალიან სწორად გაამახვილა ყურადღება საბჭოთა კავშირის შენარჩუნების, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმებზე აფხაზეთში და მათ შედეგებზე, 26 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგებზე. როგორც გახსოვთ, აფხაზური მხარისა და ე.წ. ბლოკ „სოიუზ“-ის ბოიკოტის პირობებში ქართულმა მხარემ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60% მოაგროვა. ამით ნათელი გახდა, რომ მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით, არჩევნებითა და რეფერენდუმებით შეუძლებელი იყო საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილება. ამიტომ, რუსეთი ცალსახად დაადგა, ომის გზას. მიზნის მისაღწევად საჭირო გახდა თბილისში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ყველაზე დიდი უბედურება, რაც გადატრიალებამ მოიტანა, ეს იყო შიდა განხეთქილება, მწვავე სამოქალაქო დაპირისპირება, რაც შედიოდა როგორც რუსული, ისე აფხაზური მხარის ინტერესებში. აფხაზურმა მხარემ თბილისში გადატრიალების მზადების შესახებ ყველაფერი იცოდა წინასწარ. 1991 წლის სექტემბერში-ოქტომბერში მათ უკვე იცოდნენ, რომ ახლო მომავალში, რამდენიმე თვეში თბილისში გადატრიალება მოხდებოდა. ისიც კი იცოდნენ წინასწარ, თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომი მოვლებები. ამის თაობაზე გვეუბნებონენ აფხაზი ნაცნობ-მეგობრები. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ომი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ ქართულმა მხარემ, ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ვერ გავაკეთეთ იმ ომის თავიდან ასაცილებლად. ვლადისლავ არძინბას საქმიანობა აშკარად მიმართული იყო ომისკენ. აფხაზურ ელიტაში ძალიან ბევრი ადამიანი ომის პოლიტიკას უჭერდა მხარს. ქართულმა მხარემ კი ფიქრი იარაღის შეძენაზე მხოლოდ 1989 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ დაიწყო, მაგრამ არა ომის დასაწყებად, არამედ თავდაცვის, ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით.

 

სახელმწიფო გადატრიალებამ თბილისში კიდევ რა მოიტანა ცუდი? გადატრიალებამ აფხაზებს მისცა საშუალება 1991 წლის ზაფხულში მიღწეული შეთანხმება და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც უკეტავდა გზას სეპარატიზმისკენ და სეცესიისკენ, ეს ყველაფერი ბათილად გამოეცხადებინათ. მათ განაცხადეს, რომ აფხაზეთის კონსტიტუცია გამომდინარეობს საბჭოთა კავშირის და საქართველოს კონსტიტუციებიდან. საბჭოთა კავშირი დაშლილია, საქართველომ გააუქმა თავისი კონსტიტუცია; შესაბამისად, მისგან გამომდინარე აფხაზეთის კონსტიტუციაც უკვე არ არსებობსო. რათქმა უნდა, სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არასწორია, მაგრამ ამაში ფორმალური ლოგიკა მაინც არის, რამაც მათ მისცა საშუალება დაერწმუნებინათ აფხაზური საზოგადოება, რომ 1978 წლის კონსტიტუცია უკვე არ არსებობდა და საჭირო იყო 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა. უნდა აღინიშნოს,  რომ 1925 წლის ე.წ. კონსტიტუცია თავის დროზე არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, არც ამოქმედებულა, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, მოხდა მისი აღდგენის დეკლარირება, თანაც ცალმხრივად და სრულიად უკანონოდ. ეს ხომ ომისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

 

უნდა ითქვას, რომ ორივე მხარემ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც მიგვიყვანეს 14 აგვისტომდე. გავრცელებული მოსაზრებით, რადგანაც ქართულმა მხარემ შეიყვანა ჯარი აფხაზეთში, გამოდის, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. ძნელია ამ  მოსაზრებას დაუპირისპირო დამაჯერებელი, გონივრული არგუმენტი, თუმცა  ბატონების რუდიკ ცატავასა და ანზორ წოწონავას გამოსვლებიდან ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აფხაზეთში ჯარების შეყვანა არძინბასთან იყო შეთანხმებული, რომ ჯარების შეყვანა მოხდა ურთიერთშეთანხმებით. დღეს ჩვენს კონფერენციაზე უნდა გამოსულიყო ბატონი ირაკლი ბათიაშვილი, მაგრამ მას მოულოდნელად მოუწია თბილისიდან გასვლა. ბატონ ირაკლის ერთ-ერთ სატელევიზიო აქვს ნათქვამი და დღესაც აქ, კონფერენციაზე, გაიმეორებდა, რომ რუსები მუშაობდნენ ორივე მხარესთან - როგორც ქართულთან ისე აფხაზურთან, და ორივე მხარეს ამზადებდნენ ომისთვის, ორივე მხარეს პირდებოდნენ თანადგომას, აწვდიდნენ იარაღს. თავის ინტერვიუში ირაკლი ბათიაშვილი იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი გენერლები არწმუნებდნენ საქართველოს მაშინდელ მთავრობას ომის დაწყების აუცილებლობაში, რათქმა უნდა, მათი ვითომ დახმარებით. მართლაც, გაიხსენეთ, კიტოვანი რომ შემოვიდა სოხუმში, მას თითქმის ათი დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია რუსი გენერალი, რომელიც  ყველაფერში ეხმარებოდა და მხარს უჭერდა.

 

ასე, რომ აქ ორი აზრი არ არის, თუ ვის სჭირდებოდა ეს ომი და ორი აზრი არ არსებობს, რომ ორივე მხარემ დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა. მაგრამ 2008 წელსაც ხომ ჩვენ იგივე დაგვემართა, რუსები გვარწმუნებდნენ, რომ თითქოს კოკოითი მათ არ ემორჩილებოდა და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ ორჯერ აღმოვჩნდით გაბმულები კრემლის ხაფანგში. მაგრამ დღეს მე მინდა განვაცხადო ღიად, ენგურგაღმაც გაიგონონ ჩემი სიტყვები, რომ მესამედ ქართული მხარე ხაფანგში არ გაებმება. დღეს აფხაზური მხარეა რუსულ ხაფანგში გაბმული, ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ ვართ. დეტალურად ვიცნობთ იქ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, დღეში რამდენჯერმე ვეცნობით ახალ, არც თუ სანუგეშო  ინფორმაციას. ქართულ მხარეს უნდა, რომ აფხაზობა იყოს ძლიერად და სრულად ფლობდეს სიტუაციას აფხაზეთში. სანამ აფხაზები ფლობენ ძალაუფლებას, აფხაზეთი საქართველოსთვის დაკარგული არ არის, მაგრამ როგორც კი ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ, რისი საფრთხეც ძალიან დიდია, მაშინ ჩვენ აფხაზეთს სამუდამოდ დავკარგავთ! ასეთია რეალობა.

 

მივმართავ აფხაზურ მხარეს, რომ ჩვენ, ქართული მხარე, ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, მოლაპარაკებისთვის, შერიგებისთვის, თანხმობისთვის ურთიერთმისაღებ პირობებში. სხვა გზა არც არსებობს. აფხაზები ვერ შეინარჩუნებენ ამ ტერიტორიას. რუსი იმიტომ ეხმარებოდა მათ ომში, რომ ეს ტერიტორია ჩაეგდოთ ხელში და არა იმისთვის, რომ აფხაზები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ. აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ეს არის გარდამავალი პერიოდი აფხაზეთის ანექსიის გზაზე, და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. აფხაზები ხომ საკმაოდ ჭკვიანი ხალხია, სხვანაირად ისინი დღემდე ვერ მოაღწევდნენ; რაც მათ გააკეთეს, მათზე ბევრად მრავალრიცხოვან ერებსაც არ თუ ვერ გაუკეთებიათ. ისინი საუკუნეების განმავლობაში ოსტატურად ახდენდნენ ლავირებას ჯერ საქართველოსა და ოსმალეთს, XIX საუკუნიდან კი  საქართველოსა და რუსეთს შორის. აფხაზეთის რუსული ოკუპაციის შემდეგ, რომელსაც „დამოუკიდებლობა“ დაერქვა, აფხაზებმა ლავირების საშუალება დაკარგეს და პირისპირ რჩებიან „სტრატეგიულ მოკავშირედ“ წოდებულ ვერაგ მტერთან. შექმნილ ვითარებაში აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებით, მზად ვართ მათთან შეხვედრისთვის, თანადგომისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ ღიად თუ ფარულად, იმისათვის, რომ აფხაზები იყვნენ იქ ძლიერად და მათ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რომელიც გააჩნიათ. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ორმხრივი ნება არ იქნა, მხოლოდ ქართული მხარე ვერაფერს გააკეთებს. პროლემას ართულებს ის გარემოება, რომ აფხაზებს დამოუკიდებლად  მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ, იმყოფებიან რა რუსეთის, მისი „ელჩის“ მკაცრი კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ვითარებაში, გავიმეორებ, აფხაზებმა უნდა მიიღონ საერთოეროვნული ისტორიული გადაწყვეტილება. საჭიროა არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი მოძრაობა. გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს, დრო ცოტა რჩება“.

 

მთავარი მოხსენება თემაზე "ომი აფხაზეთში - 30 წელი", იხილეთ აქ:


პრაქტიკული კონფერენცია - „ომი აფხაზეთში - 30 წელი“
https://youtu.be/GdNsG17Q1Jg



















































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions