ჯემალ გამახარიას განცხადება ბიჭვინთის მოსალოდნელ გასხვისებასთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ

უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოხუმში განუწყვეტლივ, ბოლო წუთებამდე მიმდინარეობს ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების საკითხის აქტიური განხილვა, რომელიც მეტად მტკივნეულია  აფხაზური და ქართული საზოგადოებებისათვის. როგორც ცნობილია, შესაბამისი „შეთანხმება“ სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა, ამჟამად კი მიმდინარეობს მის „რატიფიკაციასთან“ დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნული „შეთანხმების“ წინააღმდეგ ილაშქრებს მოსახლეობის უმრავლესობა, ყველა პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი, გარდა მმართველი გუნდისა. ვითარების დაძაბვა გამოიწვია 19 იანვრის დოკუმენტის „რატიფიკაციის“ საკითხის გარშემო  გამართულ დისკუსიებში რუსეთის „ელჩის“ მიხეილ შურგალინის „არადიპლომატიური“ მეთოდებით ჩართვამ. მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ასლან ბჟანიამ საზოგადოებას აუწყა მ. შურგალინისაგან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიჭვინთის აგარაკების თაობაზე შეთანხმების „რატიფიკაციაზე“ უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთიც  უარს იტყვის თავის ფინანსურ-ეკონომიკურ ვალდებულებებზე აფხაზეთის წინაშე.  26 აგვისტოს კი ე. წ. ელჩმა „რია-ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დააკონკრეტა, რომ ე. წ. შეთანხმების „რატიფიკაციის“ გაჭინაურება გავლენას მოახდენს რუსულ ინვესტიციებზე, ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა აეროპორტის აღდგენა, ტურისტული ობიექტების მშენებლობა, რკინიგზის რეკონსრტუქცია და ა. შ. თავის ინტერვიუში მ. შურგალინი აფხაზურ მხარეს იმითაც „აშინებდა“, რომ „ენგურს გაღმა“ ხდება ბიჭვინთის თემის მუსირება საკუთარი ინტერესებისთვის.

 

„ელჩის“ ღია მუქარებმა კიდევ უფრო დაძაბეს პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში. მეორე დღესვე, 27 აგვისტოს, ვეტერანთა სახელით გამოქვეყნდა მწვავე განცხადება მ. შურგალინის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, 29 აგვისტოს „საელჩოში“ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან არა მხოლოდ დაადასტურა წინა დღეებში გამოთქმული მუქარები, არამედ გააკეთა სენსაციური განცხადება იმის შესახებ, რომ ბიჭვინთის აგარაკები თუ არ იქნება რუსეთისთვის გადაცემული, მაშინ დადგებოდა საკითხი აფხაზეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ.  მ. შურგალინმა აღნიშნულ შეხვედრაზე  ბიჭვინთის საკითხს ლაკმუსის ქაღალდი უწოდა; მისი და, შესაბამისად, ოფიციალური მოსკოვის აზრით, 19 იანვრის ე. წ. შეთანხმების „რატიფიცირება“ დააჩქარებს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვის საკითხის გადაწყვეტასაც. ამიტომაც არის რუსული მხარე ასე დაინტერესებული ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდებით. მისი სურვილია მთელი აფხაზეთის ყიდვა-გაყიდვის საგნად გადაქცევა.

 

ბიჭვინთის თემამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა რუსეთის ნამდვილი ზრახვები აფხაზეთთან დაკავშირებით. მოსკოვმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად გაამათხოვრა თავის დროზე უმდიდრესი მხარე - აფხაზეთი, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც დაიქვემდებარა იგი და დღეს ოსტატურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ და სამხედრო ბერკეტებს ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიის პროცესის დასაჩქარებლად. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეაქცია, რომელიც მ. შურგალინის განცხადებების შემდეგ სულ უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს, მათ მიერ დაფიქსირებული პოზიცია იმაზე მიუთეთებს, რომ აფხაზური საზოგადოება სწორად აფასებს მოახლოებულ  საფრთხეს. ქართული მხარე, რომელიც ყურადღებით აკვირდება  პროცესებს, რა თქმა, ყოველთვის დაუჭერს მხარს აფხაზთა ძალისხმევას მიწისა და უძრავი ქონების გასხვისების წინააღმდეგ, მათ ბრძოლას საკუთარი მომავლისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

 

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო,  რომ რუსეთის „ელჩის“ მუქარების განხორციელება აფხაზეთს ვერანაირად ვერ დააზიანებს. მოსკოვი გაიყვანს თავის სამხედრო ბაზას ოკუპირებული აფხაზეთიდან თუ არ გაიყვანს, საქართველო ყველა შემთხვევაში გააგრძელებს დიდი ხნის წინ განსაზღვრულ სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში. რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა ანუ დეოკუპაცია, რაც ასევე არის ქართული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, მხოლოდ გაზრდის აფხაზეთის უსაფრთხოებას და შექმნის წინაპირობას კონფლიქტის დარეგულირებისათვის ურთიერთმისაღებ საფუძველზე. ანექსიისკენ მიმართული ინვესტიციების, ფინანსური „დახმარების“ შეჩერების შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვართ, საქართველო ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აფხაზი ხალხის გვერდით დადგება.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions