ჯემალ გამახარია სვეტიცხოვლობას გილოცავთ

დღეს სვეტიცხოვლობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.

 

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას. პირველ ქრისტიან მეფე მირიანს, წმინდა ნინო განმანათებლის რჩევით, გადაუწყვეტია ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო ისრაელიდან I საუკუნეში ჩამობრძანებული კვართი უფლისა. მოუჭრიათ იმ ადგილას ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი, მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი", რომლის სახელიც ეწოდა ტაძარს. შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოს, დევნილ და აფხაზეთში დღეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. უსურვებს სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას, რომ უფლის კვართის თვალშეუდგამმა ძალამ და სვეტიცხოვლის მადლმა დაიფაროს ყველა ქართველი, ყველა აფხაზი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ყოველგვარი განსაცდელისაგან.

უფალი გფარავდეთ!

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions