საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზური ენის დღე აღინიშნა

21 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად მწერალთა სახლში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნისა“ (გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურენოვანი და დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართული თარგმანები ერთ წიგნად) და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

 

მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და მიულოცეს აფხაზური ენის დღე. ისაუბრეს აფხაზურის ენის უნიკალურობასა და, ამავდროულად, მის განუყოფელ ადგილზე ქართულ მწერლობასა და კულტურაში.

მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გაიმართა. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშების თარგმნით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურად (მთარგმნელი - დაურ ნაჭყებია) და დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი“ ქართულად (მთარგმნელი - გურამ ოდიშარია); პროექტი განახორციელა ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრმა. ამავე კონკურსის ფარგლებში ითარგმნა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურ ენაზე (პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი, მთარგმნელი ირმა ოსია-კინწურაშვილი).

აღსანიშნავია, რომ კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ წელს პირველად გამოცხადდა.






































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions