აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა გაუმარტივდეთ – ექსკლუზიური ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან

„თაიმერმა“ წერილი მიიღო, რომელსაც ხელს 305 ლტოლვილი აწერს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, საკუთარი საცხოვრებლიდან განდევნილი პირები საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას ითხოვენ. საყურადღებოა, რომ ადამიანებს, მათ შორის, ვეტერანებს, რომლებსაც სამშობლოს დატოვება იძულებით მოუწიათ, სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ ეძლევათ, რადგან საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ეუბნებიან და ე.წ. გამოცდაზე, სადაც ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნას ამოწმებენ, რამდენჯერმე გაჰყავთ. გამოცდა ფული ღირს. ყოველი ჩაწერის მერე კი ადამიანებს თანხის ხელახლა გადახდა უწევთ და ე.წ. გამომცდელებს ვერ არწმუნებენ, რომ მშობლიური ენა იციან, ამასთან, თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმაც იძულებით მოუხდათ.

 

 

ერთი სიტყვით, ეს ადამიანები დახმარებას ითხოვენ. როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა? – „თაიმერი“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას ესაუბრა:

 

ბატონო ჯემალ, .. გამოცდაზე ყურადღება ძირითადად რა საკითხებზე მახვილდება?

 


– ესაა ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა. არ მგონია, რომ საქართველოში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს საქართველოს ისტორია და სამართლის საფუძლები, მაგრამ მოქალაქეები არიან და ეჭვქვეშ არავინ აყენებს მათ მოქალაქეობას. გაუგებარია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველი ლტოლლვილებისთვის და ჩვენთვისაც – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, თუ რა დააშავეს ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ, იძულებული გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღოთ. ადამიანები, რომლებმაც ამ გზით თავი გადაირჩინეს, ახლა შვილებთან ერთად, ოჯახებით ბრუნდებიან უკან, საკუთარ სამშობლოში და მათ უარს ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. ამას გამართლება არ აქვს! ამიტომ, ჩვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ორი წლის წინ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ, ითვალისწინებს აღნიშნული გამოცდებისგან გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც დაბადებულ-გაზრდილები არიან ამ ქვეყანაში და მათი ნების წინააღმდეგ მოუწიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც გახდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ბევრს იქ ეყოლა შვილები და სრულყოფილად არ იციან ქართული ენა, არ მიგვაჩნია სამართლიანად, მოვთხოვოთ ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ამიტომაც ვითხოვთ, რომ ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ.

 

 


საქართველოდან იძულებით სხვა ქვეყანაში ლტოლვილმა ჩვენმა თანამემამულეებმა იციან ქართული ენა, მაგარამ არა იმ დონეზე, როგორც გამოცდებზე ითხოვენ, მითუმეტეს, იქ დაბადებულმა მათმა შვილებმა. მოქალაქე, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, ისედაც ისწავლის ქართულ ენას. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს დიდი დემოგრაფიული პრობლემა, ამგვარი ცვლილებები უნდა შევიტანოთ კანონში. ნონსენსია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებს და ოსებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად ვაღიარებთ, მაგრამ მოქალაქეობის დამადასტურებელ პასპორტს არ ვაძლევთ; საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ვურთულებთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტებია.

 

 


-არადა, ევროკავშირმაც უკანონოდ ცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ პასპორტებზე მოთხოვნა გაიზარდა.

 

 


-ორი წლის წინ ვხედავდით, რომ საქმე აქეთკენ მიდიოდა; ამიტომ, 2020 წლის ივნისში უკვე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მიერ უკანონოდ გაცემული პასპორტების მფლობელობა, არ ჩაეთვალოთ მეორე ქვეყნის მოქალაქეობად. სწორედ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაა უარის თქმის საფუძველი. როცა ადამიანი მოდის ჩვენი კანონმდებლობით უკანონოდ მიჩნეული პასპორტით და ვეუბნებით, „შენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ”. რანაირადაა უცხო ქვეყნის მოქალაქე, როდესაც უკანონო პასპორტი უდევს ჯიბეში?! პასპორტი, რომელსაც არც საქართველო ცნობს და არც – ევროკავშირი. ამიტომ, ვითხოვთ, რომ მათ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემულ პასპორტებს ფლობენ, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობად არ ჩაეთვალოთ.

 

 


აფხაზებმა ქართული ენა როგორ უნდა ისწავლონ, როცა ქართული ენა იქ გამოცხადებულია უკანონოდ

 

 


– დიახ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებსაც კი არ აქვთ მშობლიურ ენაზე საუბრის უფლება. ამის შესაძლებლობა იქ არ არის. არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომელიც გასაუბრებას აწარმოებს. აღნიშნული კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის დადგენილება ითვალისწინებს შესაბამისი პროცედურების ქართულ, ან აფხაზურ ენაზე ჩატარებას, მაგრამ ეს კანონში არ არის ასახული.. ჩვენ ვითხოვთ ამის კანონში ჩაწერას; ჩვენი კანონპროექტი ამას ითვალისწინებს. ადამიანს, რომელიც ჩამოდის ოკუპირებული ტერიტორიიდან, უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება ან აფხაზურ, ან ქართულ ენაზე. ეს მუხლი კანონში უნდა აისახოს. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუაციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ აფხაზეთში სახელმწიფო ენა ქართულთან ერთად, არის აფხაზურიც, მაგარამ არიან უწყებები, რომლებსაც ამასთან დაკავშირებით უამრავი უარყოფითი დასკვნა აქვთ დაწერილი. ახლა მათთან ვაწარმოებთ შეხვედრებს და მოლაპარაკებებს. გვინდა, რომ შევთანხმდეთ ყველა სტრუქტურასთან და ამის შემდეგ ხელახლა წარვადგინოთ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში. ჩვენმა მთავრობამ უმაღლეს საბჭოში წარმოადგინა პროექტი – მოქალაქეობის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული ადამიანებისთვის ყოველგვარი გამოცდის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ვფიქრობთ, რომ ეს სავსებით სამართლიანია. კარგად გვესმის, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას სახელმწიფო ინტერესები. არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე მასობრივად უარის თქმას, გამართლება არ აქვს.

 

 


ბატონო ჯემალ, ბევრი იტყვის, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა ქართული ენაც უნდა იცოდეს და ქვეყნიც ისტორიაცო

 

 


– გასაგებია, მაგრამ ვსაუბრობთ არა ირანელზე, თურქსა და ინდოელზე, არამედ, საქართველოში დაბადებულ ადამიანებზე, რომლებიც იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა და ლტოლვილებად იქცნენ, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ და იქ რომ ეარსებათ, მიიღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ახლა ისინი უბრუნდებიან სამშობლოს, თავიანთ ქვეყანას. ეს არის განსხვავებული ვითარება. აქ საუბარია ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებმაც მათი ნების საწინააღმდეგოდ, დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენ ვალდებული ვართ გამარტივებული წესით აღვუდგინოთ იგი.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

 

https://www.timer.ge/ltolvilebs-romlebic-uckho-qvekhnis-moqalaqeebi-arian-saqarthvelos-moqalaqeobis-migheba-unda-gaumartivdeth-eqskluziuri-interviu-jemal-gamakhariasthan/

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions