აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა

29 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ,“  უახლოესი  პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის თ.მჟავიას ანგარიში რესპუბლიკა ბელარუსში მივლინების შედეგების შესახებ.

პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს პირველი საკითხის გადატანას პლენარული სხდომის დღის წესრიგში და მეორე საკითხით გათვალისწინებული „მინისტრის საათის“ განრიგის დამტკიცებას.

პრეზიდიუმმა მოისმინა მესამე საკითხით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს წევრის თეიმურაზ მჟავიას ანგარიში რესპუბლიკა ბელარუსში მივლინების შედეგების შესახებ.

თეიმურაზ მჟავიამ აღნიშნა, რომ 20-23 მარტს სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა ბელარუსის რესპუბლიკაში წინასწარ განსაზღვრული მიზნით - განეხორციელებინა შეხვედრები ბელარუსში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი პირების წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა ბატონი კობა ბაღიშვილის ორგანიზებით 21 მარტს შედგა ქ.გომელში. შეხვედრამ ურთირთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის  ატმოსფეროში ჩაიარა, მრავალი საინტერესო საკითხი იქნა განხილული.  22 მარტს მას შეხვედრა ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელთან ბატონ თეიმურაზ კურტანიძესთან.

სამუშაო მივლინების ბოლო დღეს 23 მარტს თეიმურაზ მჟავიას შეხვედრა ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, რომელსაც მან უმაღლესი საბჭოსა და დევნილი მოსახლეობის სახელით მადლობა მოახსენა არ აღიარების პოლიტიკისადმი ბელარუსის სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო და გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მომავალშიც ერთგული დარჩებოდა აღნიშნული პოლიტიკის მიმართ.

მინდა მოგახსენოთ, რომ მიზანი, რომელიც გათვალისწინებული იყო სამივლინებო პროგრამით, ძირითადად მიღწეულია. - განაცხადა თეიმურაზ მჟავიამ.

უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები და გამოთქვა მოსაზრებები თეიმურაზ მჟავიას ბელარუსში მივლინებასთან დაკავშირებით. მათ მაღალი შეფასება მისცეს კოლეგის მიერ გაწეულ სამუშაოს და აღნიშნეს, რომ ასეთი ვიზიტები აუცილებელია და მომავალშიც საჭიროა განხორციელდეს.

პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს  ადამიანის  უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანის ანგარიში  კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ  2022 წლის საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო აფხაზეთის ა/რ მთავრობიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, კანონპროექტების განხილვა, წინადადებების, შენიშვნების და დასკვნების მომზადება, კომიტეტის სხდომებზე განხილვა და წამყვანი კომიტეტებისთვის მიწოდება. საანგარიშო  პერიოდის განმავლობაში, 2022 წლის 1 თებერვლიდან ჩაატარა კომიტეტის 14 სხდომა, შემოვიდა 49 წერილი.  კორესპოდენციის შესწავლის  შემდგომ მოხდა მათზე შესაბამისი რეაგირება. გასულია 53 წერილი, მოსმენილ იქნა ანგარიშვალდებული სტრუქტურების კანონპროექტები, გამოითქვა შესაბამისი შენიშვნები, წინადადებები, კანონპროექტების  სრულყოფის მიზნით. კომიტეტი აწარმოებდა და აწარმოებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებულ დევნილებთან. აქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მჭიდრო რეგულარული ონლაინ კავშირი,  აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთიის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა საჭირბოროტო საკითხებზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მათ მიერ ჩატარებულ ღონიშძიებებზე. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ 14 აპრილს დედა ენის დღესთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწე პედაგოგ ქალბატონებთან ონლაინ შეხვედრა და მათი დაჯილდოება უმაღლესი საბჭოს სიგელებით იმ გმირული საქმიანობისათვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ.

კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წლისთავს უკავშირდებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარე არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიაში, შეხვედრები ჰქონდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ავსტრიის რესპუბლიკაში ქ-ნ ქეთევან ციხელაშვილთან, სადაც განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებში ერთობლივი მონიტორინგი და დაიგეგმა მჭიდრო თანამშრომლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საელჩოს შორის. ასევე შეხვედრები ჰქონდა ქართულ დიასპორასთან, ემიგრანტებთან  და მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებთან.

ადა მარშანიამ ხაზი გასუვა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებთან და მათ წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან აღნიშნა,  რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასთან (თავმჯ. გიორგი ვოლსკი). ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან კომიტეტი აწარმოებს მუდმივ ერთობლივ მონიტორინგს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებში და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის განსაზღვრა-შემუშავებაში  იღებს ქმედით მონაწილეობას.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს  მოსაზრებები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და განაცხადა, რომ ყოველი ანგარიშის მოსმენის შემდეგ სულ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, თუ რამდენად აუცილებელია ის, რომ ჩვენ პერიოდულად მოვისმინოთ ანგარიშები. ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ მიმართულებით, ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების კუთხით მადლობა ვუთხრათ გაწეული მუშაობისათვის და ჩვენი რეკომენდაციებიც შევთავაზოთ მათ. მან კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა რომ ჩვენ გვქონდეს გამოკვეთილი პრიორიტეტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ამა თუ იმ ეტაპზე დევნილი მოსახლეობისთვის რა არის პრიორიტეტული.

აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, სხდომამ, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მუშაობა დაასრულა.






























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions