ჯემალ გამახარიას განცხადება


რუსეთის ფედერაციის ძებნილმა პრეზიდენტმა 2023 წლის 31 მარტს თავისი სისხლიანი ხელით დაამტკიცა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია. არ შევეხებით ამ საერთაშორისო სამართალთან სრულიად შეუსაბამო, იმპერიალისტური სულისკვეთებისა და ამასთანავე ცინიკური დოკუმენტის ძირითად დებულებებს. ჩვენი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მიიქციეს ჩანაწერებმა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ „რუსეთის ფედერაცია ყოვლისმომცველ მხარდაჭერას აღმოუჩენს აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“. აღნიშნულმა ჩანაწერმა სეპარატისტები აღაფრთოვანა, თუმცა გაუგებარია, რა უხარიათ? ეტყობა, მათ ყურადღება არ მიუქცევიათ  უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის ან მიაქციეს, მაგრამ, როგორც ყოველთვის მსგავს სიტუაციებში, თანხმობის დუმილი ამჯობინეს. ბრძანებულებაში შავით თეთრზე წერია, რომ „ყოვლისმომცველი მხარდაჭერა“ მიმართული იქნება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის „რუსეთთან გაღრმავებული ინტეგრაციის სასარგებლოდ“ - დააკვირდით, არა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის, არამედ მათი რუსეთთან ინტეგრაციის სასარგებლოდ! თუ ამ ჩანაწერს კრემლის ენაზე ვთარგმნით, გამოდის, რომ „მხარდაჭერა“ მიმართული იქნება ორივე ოკუპირებული ქართული რეგიონის ანექსიისკენ. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი „მხარდაჭერა“, რომელიც მთელი რიგი „შეთანხმებების“ გაფორმებაში გამოიხატა, სულ უფრო და უფრო ინტენსიური და აგრესიული ხდება.

კატეგორიულად ვგმობთ რა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მუდმივ მცდელობას, იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთი, რომელიც მარცხდება მის მიერვე გაჩაღებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ, ვერ მოახერხებს, ვერ მოასწრებს დასახული დანაშაულებრივი მიზნების მიღწევას. ბოროტების წინააღმდეგ ერთიანად შეკრული კოლექტიური დასავლეთი, დარწმუნებული ვართ, არ დაუშვებს თავისი ერთგული მოკავშირის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასე უხეშად ხელყოფას.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions