დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს ინიციატივით ქ. ფოთში კონფერენცია გაიმართა

 

მიმდინარე წელს, ქ. ფოთში განსახლებულ დევნილთა პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ბინათმშენებლობის განახლების საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციაზე ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, დევნილთა მამა-პაპისეულ საცხოვრისში ღირსეულად დაბრუნების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას რეგიონში განსახლებულ დევნილთა გარდა ცენტრალური ხელისუფლების, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციაზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ფოთში განსახლებული დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისა და იმ პირების ფულადი კომპენსაციის საკითხები, რომელთაც თავიანთი ძალისხმევით შეიძინეს ბინები.

 

ამასთან, მტკივნეულად წარმოჩინდა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრი, რომელსაც კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა ქულათა გარკვეული რაოდენობა, ეს შშმ პირის იქნებოდა თუ ომის ვეტერანობის და კიდევ უფრო ომის დროს მიღებული სახელმწიფო ჯილდოებისა - მისი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს ეს ქულები ავტომატურად ჩამოეხსნება, რაც დევნილთათვის მიუღებელია.

 

კონფერენციის დასასრულს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოუდგენს მათ მიერ შემუშავებულ დასკვნებსა და წინადადებებს ქ. ფოთში დევნილთა ყოფის გაუმჯობესების თაობაზე.

 

ბეჭდვა