27 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას  უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

სესიის დახურვამდე უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ.

საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, მან საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, საშემოდგომო სესიის ფორმატში, სექტემბრის მეორე სამშაბათს განაახლებს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები