უმაღლესი საბჭოს წევრები ჟურნალ “რიწის” 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაციას და “მე აფხაზეთისთვის” 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალი „რიწა“ 1975 წლიდან გამოიცემა, თავდაპირველად სოხუმში, ხოლო შემდეგ დევნილობაში განაგრძო არსებობა. განახლებული გამოცემა ორენოვანია და მასში შესულია აფხაზეთელი პოეტებისა და მწერლების ნამუშევრები ქართულ და აფხაზურ ენებზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე, აფხაზეთისთვის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართა.
2025 წლის წარმატებული აფხაზეთელები სიმბოლური საჩუქრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა დააჯილდოვეს.
მიმდინარე წლის ნომინანტები გახდნენ:
- გურამ ოდიშარია - ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი;
- ილია თოფურია - აფხაზეთიდან დევნილი ქართველი სპორტსმენი, UFC-ის ჩემპიონი;
- ბაჩანა ჭანტურია - ქორეოგრაფი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
- გიორგი ეთერია - სოხუმში დაბადებული მხატვარ-მოქანდაკე;
- ელენე მიქაბერიძე - აფხაზი რეჟისორი;
- დაურ ბუავა - აფხაზი ბლოგერი;
- ანზორ კუდბა - აფხაზი მწერალი, რომანებისა და მოთხრობების კრებულის ავტორი;
- თორნიკე ჯობავა - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ირინა ხაბურზანია - აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი;
- სოფო ფანცულაია - სოხუმელი ბალერინა;
- მურმან (მურო) გაგოშიძე - ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ სოლისტი და ქორეოგრაფი.
პროექტი „მე, აფხაზეთისთვის“ ყოველწლიურ სახეს ატარებს, რომლის მიზანია საზოგადოებამ გაიცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.