ჯემალ გამახარია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ „საკანონმდებლო“ ინიციატივებზე

როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ცრუ პარლამენტმა - სახალხო კრებამ ამა წლის 12 დეკემბრეს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება დე-ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე მუხლში. ცვლილება აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და „სუვერენიტეტის“ დაცვას ითვალისწინებს. მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული იმ პირთა მიმართ, ვისი მოქმედებითაც მთლიანად აფხაზეთის ტერიტორია ან მისი ნაწილი უცხო სახელმწიფოს გადაეცემა. დასჯადი ხდება მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ქაღალდზე არსებული სუვერენიტეტის შეზღუდვის მიზნით.

 

ჩვენთან საუბარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა „კანონშემოქმედებასთან“, არამედ ტრაგიკომედიასთან, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული და მათ მიერ მკაცრად კონტროლირებადი, ფაქტობრივად ანექსირებული აფხაზეთის „პარლამენტი“, რომელიც თავის მხრივ რუსეთის მოქალაქეებისაგან შედგება, „ზრუნავს“ მეოთხედი საუკუნის წინ მიტაცებული ტერიტორიის „მთლიანობაზე“ და „სუვერენიტეტზე“ (?!).

„ისმის კითხვა: რასთან გვაქვს საქმე, რით არის გამოწვეული სისხლის სამართლის „კანონმდებლობის“ ასეთი გამკაცრება? დასმულ კითხვაზე პასუხს იძლევა ე.წ. კოდექსში შეტანილი სხვა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ისჯება ღია მოწოდებები აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ; იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება მასობრივი ინფორმაციიის საშუალებებისა და ინტერნეტ ქსელის მეშვეობით. ოკუპანტები განსაკუთრებული სიმკაცრით აპირებენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც „უცხო ქვეყნის“ დაზვერვაში იმსახურებენ“ - აცხადებს ჯემალ გამახარია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აზრით, - „ყველაფერი დღესავით ნათელია. ოკუპანტები უკიდურესად შეაშფოთა, დააშინა აფხაზური საზოგადოების იმედგაცრუებამ რუსეთის ვერაგული პოლიტიკის მიმართ. სწორედ კრემლის უხეში, ანექსიონისტური პოლიტიკის წყალობით მიმდინარეობს „დამოუკიდებლობის“ იდეის გაკოტრების, დისკრედიტაციის შეუქცევადი პროცესი. ადამიანები ხედავენ, რომ „დამოუკიდებლობა“ - სრული ფიქციაა, შირმაა, რომლითაც მოსკოვი თავის ნამდვილ მიზანს ნიღბავს. აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს ცრუდამოუკიდებლობით შენიღბული რუსული ოკუპაცია. მასთან მჭიდროდ დაკავშირებული კრიმინალური ბაქხანალიით, ქაოსით, სრული განუკითხაობით, აღვირახსნილი კორუფციით, მოსახლეობის მასობრივი სიღატაკით, უიმედობითა და უპერსპექტივობით. არც თუ ისე იშვიათად სოციალურ ქსელებში ვაწყდებით ლოიალურ დამოკიდებულებას საქართველოსადმი, სადაც სრულიად საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს“.

„აი, რით არის გამოწვეული ოკუპანტების შეშფოთება, პანიკური შიში, აი, რამ მიაღებინა რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებულ და კრემლის მიერ დაფინანსებულ „სახალხო საბჭოს“ ესოდენ მრისხანე ცვლილებები „კანონმდებლობაში“ - აცხადებს ჯემალ გამახარია.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions