აფხაზეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში


29 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, როცა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე, მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთმა; აფხაზეთის მოსახლეობის 61,27% გავიდა რეფერენდუმზე და საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა მონაწილეთა 97,73%-მა. ასეთი შედეგი დადგა იმ პირობებში, როდესაც პროსაბჭოური სეპარატისტული ორგანიზაციები ე.წ. ბლოკი „სოიუზი“, აფსუური „აიდგილარა“ რუსული „სლავიანსკი დომ“ და სომხური „კრუნკი“ ბოიკოტს უცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს და ამისკენ მოუწოდებდნენ აფხაზეთის მთელს მოსახლეობას.

 

„ეს იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პირველი დიდი პოლიტიკური გამარჯვება აფხაზეთში, იმავე წლის 17 მარტს იქ კრახით დასრულებული საბჭოური რეფერენდუმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ  სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე რეფერენდუმი სეპარატისტებმა და სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან მოვლინებულმა ემისრებმა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გალის რაიონის თვითნებური გამოთიშვით და არნახული გაყალბებით სცადეს, სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს და დამარცხდნენ!“ - აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მტკიცე მხარდამჭერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ბატონი ჯემალ გამახარიას განცხადებით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების შედეგებმა, საქართველოს ხელისუფლების ლიდერის ზვიად გამსახურდიას ზუსტად გათვლილმა პოლიტიკამ სერიოზული დარტყმა მიაყენეს მაშინ აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებს და კიდევ უფრო გააძლერეს ქართული ეროვნული მოძრაობა.

31 მარტის რეფერენდუმის თარიღი სამარდჟამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში: საქართველოს ამომრჩეველთა 90,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას კი მონაწილეთა 98,9 პროცენტმა დაუჭირა მხარი; რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions