„ეს იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პირველი დიდი პოლიტიკური გამარჯვება აფხაზეთში, იმავე წლის 17 მარტს იქ კრახით დასრულებული საბჭოური რეფერენდუმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე რეფერენდუმი სეპარატისტებმა და სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან მოვლინებულმა ემისრებმა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გალის რაიონის თვითნებური გამოთიშვით და არნახული გაყალბებით სცადეს, სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს და დამარცხდნენ!“ - აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მტკიცე მხარდამჭერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
ბატონი ჯემალ გამახარიას განცხადებით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების შედეგებმა, საქართველოს ხელისუფლების ლიდერის ზვიად გამსახურდიას ზუსტად გათვლილმა პოლიტიკამ სერიოზული დარტყმა მიაყენეს მაშინ აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებს და კიდევ უფრო გააძლერეს ქართული ეროვნული მოძრაობა.
31 მარტის რეფერენდუმის თარიღი სამარდჟამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში: საქართველოს ამომრჩეველთა 90,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას კი მონაწილეთა 98,9 პროცენტმა დაუჭირა მხარი; რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.