ჯემალ გამახარია: „ისტორიის ფალსიფიკაცია – იარაღი ოკუპანტებისა და სეპარატისტების ხელში“

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ისტორიის დოქტორის ჯემალ გამახარიას კომენტარები ვ.ჩირიკბას ფალსიფიცირებული „წიგნის“ თაობაზე



იმპერიალისტებისა და სეპარატისტების, მათი დამქაშების მთავარი იარაღი ყოველთვის იყო და ამჟამადაც არის სიცრუე და ძალადობა. ამ დღეებში საქართველოს და მისი ისტორიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი სიცრუის მოწმენი გავხდით; პეტერბურგში გამოიცა წიგნი–სიყალბე სახელწოდებით „აფხაზეთი და იტალიური ქალაქ–სახელმწიფოები XIII-XIV საუკუნეებში. ნარკვევები ურთიერთობებზე“. მისი ავტორია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფილოლოგი ვიაჩესლავ ჩირიკბა. წიგნი–სიყალბე გასაყიდად  ჯერ არ არის გამოტანილი, მაგრამ მის შინაარსზე თავად ავტორმა გვაუწყა (იხილეთ https://abaza.org/abkhaziya-i-italyanskie-goroda-gosudarstva-novaya-kniga-abkhazskogo-uchenogo-chirikba).

ნებისმიერი ისტორიკოსი, რომელიც იცნობს აღნიშნულ თემას, განსაკუთრებით, სეპარატისტ–ფალსიფიკატორთა „მეცნიერულ“ მეთოდებს, ვ.ჩირიკბას „წიგნის“ წაკითხვის გარეშეც შეძლებს გადმოსცეს მისი ძირითადი შინაარსი და იმავდროულად  მამხილებელი რეცენზიაც დაწეროს მასზე.

თუმცა კოლეგა–ისტორიკოსებს ვურჩევ, დაითმინონ ბუნებრივი რეაქცია,  ამ, წინასწარ და თამამად შეიძლება ითქვას, სასაცილო წიგნის შეძენამდე. მანამდე კი გულწრფელი მადლობით შემოვიფარგლოთ ბატონი ჩირიკბასადმი. მისი „შრომა“ საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ  თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, მათ შორის იტალიელებს, ნამდვილი სახე ოკუპანტებისა და სეპარატისტებისა, რომლებიც ყველაზე უხეში ფორმით ახდენენ ამჟამად აფხაზეთად წოდებული ტერიტორიის ისტორიის ფალსიფიკაციას და ამით მსოფლიო თანამეგობრობის მოტყუებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, ვ.ჩირიკბამ კარგად იცის, თუ რომელი სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა ქალაქი სოხუმი//ცხუმი XIII-XIV საუკუნეებში (მითითებულ საუკუნეებამდეც და შემდგომაც), როგორი იყო ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ვისთან ურთიერთობდნენ ვენეციელები, შემდგომ გენუელები, სოხუმში მათი ფაქტორიების არსებობის პერიოდში – აფსუა//აფხაზებთან თუ ქართველ//მეგრელებთან? დასმულ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები მოიპოვება უამრავ ქართულ და უცხოურ წყაროებში, მათ შორის გენუელების დოკუმენტებში, ასევე 1330 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოსს ეკუთვნის. დიახ, ამ ყველაფერზე შეუძლებელია ვ. ჩირიკბამ არ იცოდეს, მაგრამ ის ცრუობს – ცრუობს შეგნებულად, რათა უსინდისოდ ატყუოს უპირველესად და უმთავრესად საკუთარი ხალხი.

მოკლედ, დავიცადოთ, სანამ ე.წ. წიგნს „აფხაზეთი და იტალიური ქალაქ–სახელმწიფოები XIII-XIV საუკუნეებში, ნარკვევები ურთიერთობებზე“ არ მივიღებთ. ეჭვგარეშეა, რომ ამჯერადაც მსოფლიო საზოგადოების წინაშე  მხილებული იქნება საქართველოს ისტორიის დამახინჯებისა და მისაკუთრების მორიგი უბადრუკი მცდელობა!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions