2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დანაშაულებრივ და სამარცხვინო ფურცელს რუსეთის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი მტაცებლური, პირსისხლიანი ომების ისტორიაში, როგორც კავკასიელი, ისე სხვა ხალხების წინააღმდეგ.
ეს იყო კონკრეტული მიზნების მისაღწევად - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გზით სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის აუზში და მის მიმდებარე რეგიონებში გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად გაჩაღებული ომი.
თავისი უკიდურესად აგრესიული ქმედებებით რუსეთმა ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი, რეალური საფრთხე შეუქმნა არა მარტო საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ასევე ევროატლანტიკურ სივრცესაც კი. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღნიშნული საფრთხის გვიან გაცნობიერების, შესაბამისად არაადექვატური, სანახევრო ზომებით დაკმაყოფილების შედეგად უნდა მივიჩნიოთ კრემლის მორიგი დანაშაული ამჯერად უკვე უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციაში გამოიხატა.
საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაცია კვლავაც გრძელდება. მისი შედეგები კატასტროფულია - ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, საკუთარი სახლებიდან ასეულ ათასობით დევნილთა ტრაგედია, ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის ფართომასშტაბიანი დისკრიმინაცია ყველაზე ველური, არაადამიანური მეთოდებით.
მთლიანობაში ეს ყოველივე შეიძლება შეფასდეს როგორც ოკუპანტების მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული.
რუსეთის ფედერაცია, აგრძელებს რა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ პოლიტიკას, დღემდე, 12 წლის შემდეგაც, უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან არა თუ არ გაიყვანა საკუთარი სამხედრო შენაერთები ომამდელ პოზიციაზე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს, არამედ, პირიქით, საგრძნობლად გაზარდა სამხედრო ყოფნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც არსებითად რუსეთის სამხედრო ბაზად იქცნენ. ამჟამად მიმდინარეობს ამ ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პროცესი.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას მოითხოვს. ბოლო დღეებში თბილისში, განსაკუთრებით ევროპისა და ამერიკის დედაქალაქებში გაკეთებული მკაფიო განცხადებები ცალსახად მიუთითებენ იმაზე, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საოკუპაციო ძალების გაყვანის თემა საერთაშორისო დიპლომატიის დღის წესრიგიდან მოიხსნება მხოლოდ რუსეთის მიერ საკუთარი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.
დროა რუსეთმა თავი დაანებოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ცრუ ვერსიების გავრცელებას, მუდმივად თავის მართლებას, ანუ საკუთარი დანაშაულის მხოლოდ ირიბად აღიარებას და განუხრელად შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმება. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა შექმნის აუცილებელ წინაპირობას გაჭიანურებული კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის, მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ჭეშმარიტად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების დამყარებისთვის, რაც ობიექტურად ორივე მხარის ინტერესებში უნდა იყოს.