აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის საგაზაფხულო სესია დაიხურა

24 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

 

სესიის დახურვამდე უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - 2023-2026წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის შედეგების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, ხოლო თანამოხსენებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.

შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ, ელგუჯა გვაზავამ, მურმან კვარაცხელიამ.

კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, მან საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით არის განსაზღვრული.

ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
































































































































































































 



























































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions