საქართველოს პარლამენტში ერთობლივი სხდომა გაიმართა

 

სოხუმის დაცემის 18 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთში რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეთნოწმენდის ამსახველი აუდიომასალა მოისმინეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის სხდომაზე.

 

ჩანაწერი 120 დევნილის ინტერვიუსგან შედგება. კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას თქმით, თვითმხილველების მოძიება და მათი ნაამბობის ჩაწერა პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. "აღნიშნული მასალა მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო სასამართლოებისთვის გადასაგზავნად" – აღნიშნა მალაშხიამ.

 

სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებიც გამოვიდნენ წინადადებით, რომ მომავალში ანალოგიურ სხდომებში მონაწილეობა მიიღონ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, რადგანაც აღნიშნული ხელს შეუწყობს აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულებების სამართლიან გამოძიებას.

 

ამასთან ერთად, კომისიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის მიერ კონფლიქტების პროვოცირების, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის  შესახებ.

 

განცხადებაში ხაზგასმულია ქართული მხარის მიერ წამოყენებული ყველა ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ მოიწონა, მაგრამ რუსეთის პოზიციის გამო განუხორციელებელი დარჩა. განცხადების თანახმად, მიუხედავად საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაციისა და იმ ტერაქტებისა, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში ახორციელებს, საქართველო მაინც რჩება მომხრე, დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით განხორციელდეს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions