5 ოქტომბერს, ქ. გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და საზოგადოებრიობა შეიკრიბნენ ლურჯ მონასტერში, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გაგრის ტრაგიკული მოვლენები და დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1992 წლის 1-5 ოქტომბერს მიუხედავად მოსკოვში მიღწეული შეთანხმებისა, სეპარატისტთა და რუსეთის მოქალაქეებისაგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქ. გაგრა აიღეს და განახორციელეს ქართულენოვანი მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მასობრივი დახვრეტები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი განდევნა და მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება მოჰყვა.
იმავე დღეს დასრულდა ცნობილი გაგრელი მწვრთნელის თამაზ კუჭუხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-11 წლის ასაკის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდებმა ხობიდან, მცხეთიდან, თბილისის რაიონებიდან. ფინალში ერთმანეთს შეხვდა თბილისის ”ნორჩი დინამოელი” და ”გაგრა”. გამარჯვებულ გუნდს ”გაგრას” თამაზ კუჭუხიძის სახელობის თასი და I ხარისხის დიპლომი თამაზ კუჭუხიძის ძმამ კონსტანტინე კუჭუხიძემ გადასცა. ტურნირის გამორჩეულ გუნდებსა და ფეხბურთელებს მედლები და სპეციალური პრიზები გადასცეს აფხაზეთის ა/რ უმალესი საბჭოს თავმჯდომარემ გ.გვაზავამ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თ.ხუბუამ, დ.გვაძაბიამ, რ.ქარაიამ, და ვ.კაჭარავამ; ტურნირის ორგანიზატორმა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მ.ანჯაფარიძემ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ ბატონმა კონსტანტინე კუჭუხიძემ გვიამბო:
”ამ ტურნირის ჩატარების ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ 1986 წელს გაგრაში ჩაეყარა. მას მერე რაც თამაზი 1984 წელს ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად დაეწესათ გარდამავალი თასი და ჩაეტარებინათ ნორჩ ფებურთელთა ტურნირი. თამაზი თავის დროზე თამაშობდა თბილისის ”დინამოში”, ქუთაისის ”ტორპედოში”, ბოლოს სოხუმის ”დინამოში”. მას შემდეგ, რაც მან სერიოზული ტრავმა მიიღო, გადაერთო მწვრთენლის კარიერაზე. აღსანიშნავია ალბათ ის ფაქტიც, რომ 1984 წელს, მისი დაღუპვის მეორე დღეს, მოსკოვიდან მოვიდა დეპეშა იმის შესახებ, რომ ის იყო ჩარიცხული მწვრთნელთა უმაღლესი სკოლაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში იყო ერთადერთი ასეთი სკოლა. გულდასაწყვეტია, რომ ამ სიხარულს თვითონ ვერ მოესწრო. როგორც მოგახსენეთ, 1986 წელს ჩატარებული ტურნირისთვის ბატონ გოილიაფ სანაიას ინიციატივით ლენინგრადის ოპტიკური ხელსაწყოების ქარხანაში დამზადდა ბროლის თასი. ომამდე ტურნირი იყო საერთაშორისო მასშტაბის, მასში მონაწილეობდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ ნოვოროსიისკის, ლენინგრადის, ერევნის გუნდებიც. ტურნირი ტარდებოდა ყოველწლიურად 1992 წლის გაგრის ტრაგიკულ მოვლენებამდე. ომის შემდეგ 1996 წელს, ჩემი და თამაზის მეგობრების ინიციატივით დავიწყეთ თასის მოძიება. ომის წინა წელს ეს თასი მოიპოვა გაგრის გუნდმა და ჩვენი ვარაუდით უნდა ყოფილიყო გაგრაში. დახმარებისთვის დავუკავშირდი ჩვენს აფხაზ მეგობრებს. თასი მოიძებნა, თუმცა იყო შელახული. მე მისი რესტავრაცია დავაპირე, მაგრამ თბილისში გადაწყდა, რომ დარჩენილიყო თასი ”ომგამოვლილ” მდგომარეობაში. მას მერე ტურნირი განახლდა. იმედი მაქვს, რომ ამ თასს გაგრაში ჩავიტანთ და იქ განვაგრძობთ დაწყებულ ტრადიაციას”.
ტურნირის დამთავრების ცერემონიალზე ბატონმა გია გვაზავამ აღნიშნა, რომ “ამ ტურნირს მხოლოდ სპორტული დატვირთვა არ გააჩნია. მის ნორჩ მონაწილეებს ყოველთვის ექნებათ ხსოვნა გაგრის, გაგრელებისა და იმ მწვრთნელის მიმართ, ვის სახელსაც ამაყად ატარებს ეს თასი”.