უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

16 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის პროცედურის დაწყების შესახებ; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაყწების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ზ.ჯგუბურიას ანგარიში ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების შედეგების შესახებ.

თავის გამოსვლაში ჯემალ გამახარია სხდომის დღის წესრიგში შეტანილ პირველ სამ საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ზემოთხსენებულ საკითხებზე მიმდინარე მუშაობა უკავშირდება ბოლო სამი თვის მანძილზე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან გამართულ კონსულტაციებს, რამაც განაპირობა ახალი კანონპროექტის შექმნა. ხოლო ამ ახალი ცვლილებების პროექტმა გამოიწვია ოკუპაციის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა. კანონის პროექტის განხილვისას გამოვლინდა განსხვავებული მიდგომებიც, როდესაც ადამიანები ბრწყინვალედ აბარებენ გამოცდას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მაინც არ ეძლევათ მოქალაქეობა. გარდა ამისა, გაუგებარია მე-16 მუხლის გადმოტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებზე. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდების საკითხიც. ჩვენი სურვილი იყო, რომ 1991 წლის დეკემბრამდე დაბადებულ პირებს არ ჩაებარებინათ გამოცდები ისე უნდა აღედგინათ მათთვის საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ ეს მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა. ჯემალ გამახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არავალიდურად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ვალდებულებას გვაკისრებს და, ამასთან, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა იყოს სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები.

მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია მხარს არ უჭერს კანონის პროექტის ძველი ვარიანტის გაწვევას, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოისმინა არგუმენტი, რაც მას ამის აუცილებლობაში დაარწმუნებდა. 

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ იგი იზიარებს კოლეგების განწყობას, თუმცა რეალობიდან გამომდინარე საჭიროა ცვლილებების განხორციელება და ახალი კანონპოროექტის მხარდაჭერა, რაც მისი აზრით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის შეღავათი იქნება.

საკითხის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ზურაბ ჯგუბურიამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ ძველი კანონპროექტის გამოწვევის პროცედურის დაწყებისა და ახალი კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

გარდა ამისა, პრეზიდიუმმა კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის დებულება.

სხდომის დასასრულს პრეზიდიუმმა მოისმინა უმაღლესი საბჭოს წევრის ზურაბ ჯგუბურიას ანგარიში ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების შედეგების შესახებ. დეპუტატმა ისაუბრა პრაღაში საქართველოს საელჩოსა და ჩეხეთის კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე, სადაც განიხილებოდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის საცხოვრებელი სახლის ფასადზე დასამონტაჟებელი ბარილიეფის ცალკეული საკითხები.






















































































































 

 

 

 

 

 














































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions