ჯემალ გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში “სამუშაო ვიზიტს“ ეხმაურება

„რა ხდება აფხაზეთის, ბჟანიას თავს? რატომ არ იღებს მას პუტინი, მთავრობის თავმჯდომარე, ან რომელიმე მინისტრი? რაშია საქმე? ჩემი აზრით, მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ, მიუხედავად ბჟანიას დიდი მცდელობისა, ბიჭვინთვის აგარაკების შესახებ 2022 წლის იანვარში დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც გამახარია აცხადებს, აფხაზური საზოგადოების 90% კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ დოკუმენტის რატიფიცირებას, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გაფორმდა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.  გამახარიას თქმით, რუსეთი ამის გამო განაწყენებულის პოზას იჭერს.

„რა ხდება აფხაზეთის, ბჟანიას თავს? რატომ არ იღებს მას პუტინი, მთავრობის თავმჯდომარე, ან რომელიმე მინისტრი? რაშია საქმე? ჩემი აზრით, მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ მიუხედავად ბჟანიას დიდი მცდელობისა, ბიჭვინთვის აგარაკების შესახებ 2022 წლის იანვარში დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება.

აფხაზური საზოგადოება, 90% ამ დოკუმენტის რატიფიცირების კატეგორიული წინააღმდეგია. ჩემი აზრით, რუსეთი ამით ძალიან განაწყენებულია, ასეთ პოზას იჭერს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პირველი პირი პუტინის მიერ იქნება მიღებული და ბჟანია ძალიან დაბალ დონეზე მიიღეს,  შემდეგ  კი მინსკში გადაამისამართეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ შეთანხმების საკითხი გახლავთ“, – განაცხადა გამახარიამ.

გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბელარუსში ჩასვლასაც გამოეხმაურა.

„იყო დიდი მოლოდინი, რომ რუსეთთან, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიერთება გამოცხადდებოდა. ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების  პირველი პირიც  მოსკოვშია და პუტინთან შეხვედრას ელოდება.

რუსეთის მხრიდან ბჟანიასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა გამოვლინდა.  ბჟანია უმაღლეს დონეზე მიღებული არ იყო. მას შეხვედრა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჰქონდა და შემდეგ მინსკში, ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე გაუშვეს. ეს შეხვედრა  ყველამ ვიხილეთ. ვნახეთ, რომ ბატონი ლუკაშენკო მაგიდის თავში იჯდა, ბჟანია და არძინბა, როგორც ბელარუსის რომელიღაც რეგიონს ხელმძღვანელები, ისე ისხდნენ და ბატონ ლუკაშენკოს უსმენდნენ. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის განცხადებები, ასევე ის განცხადებები, რომელიც პარლამენტში გაკეთდა. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვეთანხმებით. დასაგმობია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებს ხვდება. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ესაა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოხატულება. ეს ყველაფერი დასაგმობია, მაგრამ, არის ერთი „მაგრამ“: ვიცით რა მდგომარეობაშია თავად ლუკაშენკო, რომელიც პროცესებს დამოუკიდებლად ვერ მართვას. ის თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული და მის  დავალებას  ასრულებს“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს  ამოცანა ამ ეტაპზე ისაა, რომ ოკუპირებული რეგიონები  ანექსიისგან, რუსეთთან მიერთებისგან გადაარჩინოს.

„პუტინის გუშინდელ გამოსვლამდე  როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ასევე, რუსეთში ჩვენი ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ ცხარე დებატები იყო. დიდი უმრავლესობა წერდა და ლაპარაკობდა იმაზე, რომ პუტინი ამ რეგიონების რუსეთთან მიერთებას გამოაცხადებდა, რაც ერთგვარი კომპენსაცია იქნებოდა იმ წარუმატებლობისა, რომელსაც ის უკრაინაში განიცდის. ამ საკითხზე ფართო დისკუსია მიმდინარეობდა. როგორც ყოველთვის აფხაზები აცხადებდნენ, რომ ისინი რუსეთთან გაერთიანებას, რუსეთთან მიერთებას არ აპირებენ, თუმცა, რუსეთი მათი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი, მფარველი, მათი.ე.წ დამოუკიდებლობის გარანტიაა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს – მათი პოზიცია ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. რუსეთში ექსპერტების, დუმის წევრების ნაწილი პირდაპირ ამბობდა, რომ რუსეთმა ეს ტერიტორია უნდა მიიერთოს, ნაწილი კი  აცხადებდა, რომ ეს ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა, რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს და საქართველოს რუსეთთან მიმართებით ფრთხილი პოზიცია უკავია. პირდაპირ იყო განცხადებები, რომ თუ საქართველო უკრაინის ომთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს, ან საომარ მოქმედებებში უშუალოდ ჩაერთვება, მაშინ რუსეთს არაფერი შეუშლის ხელს, ამ ტერიტორიის მიერთება გამოაცხადოს. თავად ეს ფაქტიც, ეს დისკუსია კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწორია ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ ძალიან რთულ ვითარებაში ახორციელებს.

რაც შეეხება პუტინის გუშინდელ გამოსვლას, ეს იყო დემაგოგიის, ცინიზმის, სიცრუის ერთგვარი ნაზავი, არაფერი კონკრეტული, ახალი არავის არაფერი მოუსმენია.

რუსეთი რომ აფხაზეთის მიერთებისთვის ემზადება, ეს ცალსახაა, ამას რუსეთში არავინ მალავს რუსეთში. ე.წ. აღიარება აფხაზეთის ანექსიის საშუალებაა. მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გააქტიურების გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ, აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა მოექცეს – ეს რუსეთის გაცხადებული მიზანია. ამბობენ, ძალაში რჩება ჩვენი აღიარებაო, მაგრამ პოლიტიკა, რასაც აწარმოებენ, მცოცავი ანექსიის პოლიტიკაა. იმ ოფიციალური პირების მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკას აჟღერებენ, ღიადაა გაცხადებული, რომ აფხაზეთი დღეს თუ არა, ხვალ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდება. ეს მოხდება რა ძალისმიერი გზით, არამედ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის თანდათანობითი გააქტიურებით. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს – ისინი იქით იხვეწებიან, რომ როგორმე რუსეთს მიუერთონ, რადგან როგორც მთელმა მსოფლიომ იცის, თავადაც იციან, რომ სამხრეთ ოსეთი არანაირ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენს. რუსეთი, ჯერჯერობით, ამაზე არ მიდის. ამაზე რომ არ მიდის, ეს ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე ისაა, რომ ოკუპირებული რეგიონები ანექსიისგან, რუსეთთან მიერთებისგან გადავარჩინოთ. რუსეთთან მიერთების შემდეგ ამ ტერიტორიების დაბრუნება ბევრად უფრო გაძნელდება. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, თუნდაც რუსეთის მიმართ, ტარდება, მხოლოდ უნდა მივესალმოთ. ესაა ერთადერთო პოლიტიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებს“, – განაცხადა გამახარიამ.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგკვირასპრესკლუბში - 22.02.2023

https://youtu.be/bTp3IQfVbvY

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions