ჯემალ გამახარია საქართველოს ხელოვნების სასახლეში ჟურნალისტის დარეჯან კვარაცხელიას ალბომ-წიგნის - „ოდაბადე“ პრეზენტაციას დაესწრო

28 თებერვალს საქართველოს ხელოვნების სასახლეში ჟურნალისტის დარეჯან კვარაცხელიას ალბომ-წიგნის - „ოდაბადე“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორმა ნაშრომი სამეგრელოს მემკვიდრეობაზე შვილიშვილს მიუძღვნა.

წიგნი მოგვითხრობს კოლხური ოდების შესახებ, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის იმ დროისათვის შესაფერის ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. ალბომი გვაცნობს კოლხურ სამზარეულოს, ეთნოგრაფიას, ვაზისა და ღვინის კულტურას, ხორბლის წარმოების 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციას, კოლხურ ფუტკარსა და დაფნას, განუმეორებელ ფოლკლორს, რის შესახებაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები მოგვითხრობენ შესანიშნავი ფოტო ილუსტრაციების თანხლებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი ორენოვანია და ქართულთან ერთად ინგლისურ ენაზეა შესრულებული.

პრეზენტაცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდია. საღამოს უძღვებოდა წიგნზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის წევრი დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია).

დამსწრე საზოგადოებას ავტორის თხოვნით სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან დარეჯან კვარაცხელიას და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა წიგნის გამოცემა. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოში გამოცემულია მრავალი ეთნოგრაფიული ხასიათის ლიტერატურა მათ შორის სამეგრელოზე, მაგრამ ეს არ გავს არც ერთ მათგანს. ეს არი ავტორთა კოლექტივის მიერ შესრულებული განსაკუთრებული წიგნი, რომელიც სრულიად ახლებურად წარმოაჩენს სამეგრელოს. ბევრი რამ მინახია, რაც ამ წიგნშია აღწერილი, მაგრამ ბევრი რამ პირველად გავიგე. ასეთი წიგნების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ხელახლა გავიცნობიეროთ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გამომსვლელებს შორის იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მხატვარი რეზო ადამია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნუკრი მემარნიშვილი, პოეტი მიმოზა ცანავა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გურამ ქაშაკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სხვები.

მათ ისაუბრეს წიგნის დიდ მნიშვნელობაზე საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გაცნობისა და მისი წარმოჩენის თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. აღინიშნა, რომ წიგნი ასევე ხელს შეუწყობს ამ კუთხის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას. ის იმგვარად არის შედგენილი, რომ მისი გაცნობის შემდეგ გეუფლება სასიამოვნო განცდა ამ კუთხეში მოგზაურობისა.




























































































































 


























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions