საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

26 მარტს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, სხვადასხვა დარგის მოღვაწეები, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ:

ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო!

მოგესალმებით დიდი პატივისცემით და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით მადლობას მოგახსენებთ კონფერენციაზე მობრძანებისთვის, რომელიც ვლადიმერ ალფენიძის იუბილეს, მის ხსოვნას ეძღვნება. როდესაც კონფერენციისთვის ვემზადებოდით, ალფენიძეების ოჯახში მოხდა ტრაგედია - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვლადიმერის ვაჟიშვილი ვახუშტი, რომელიც სამი დღის წინ, 23 მარტს, მშობლების გვერდით დაიკრძალა.

გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ვახუშტი ალფენიძის ხსოვნას!

დღეს აქ, ამ ისტორიულ დარბაზში, შეკრებილმა მაღალმა საზოგადოებამ კარგად უწყის, ვინ არის ვლადიმერ ალფენიძე; ყველამ ვიცით, რომ ის იყო უაღრესად განათლებული და ამასთანავე არასტანდარტული ადამიანი, დიდი პატრიოტი, შესანიშნავი მწერალი, შეუდარებელი პუბლიცისტი, სრულიად გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. როცა საქმე ეხება დიდ პიროვნებას, თუნდაც კარგად ნაცნობს, როდესაც უღრმავდები და უკვე წლების გადასახედიდან, სულ სხვა რეალობაში, სულ სხვა დროსა და სივრცეში იაზრებ მისი ცხოვრების, შემოქმედების ცალკეულ ასპექტებს, ხვდები, რომ სინამდვილეში ბევრი რამ არ გცოდნია ამ პიროვნების შესახებ და იწყებ მის ხელახლა აღმოჩენას, ხელახლა გაცნობას.

ვლადიმერ ალფენიძე ნამდვილად იყო დიდი პიროვნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოს მოგვიწევს მისი ხელახლა აღმოჩენა, ხელახლა გაცნობა. დარწმუნებული ვარ, ხელახლა გაცნობასთან ერთად ვლადიმერ ალფენიძის ღვაწლიც სათანადოდ დაფასდება. სწორედ ამ მიზნით ტარდება დღევანდელი კონფერენცია, რომელსაც, თქვენი ნებართვით, გახსნილად ვაცხადებთ. ეჭვიც არ გვეპარება, მომავალშიც ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი არაერთი კონფერენცია თუ საღამო გაიმართება, დაიწერება გამოკვლევები; მისი სახელი დაერქმევა ქუჩებს, კულტურულ და სასწავლო დაწესებულებებს.

დღევანდელ ღონისძიებას პირადად ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა გააჩნია. როგორც ოტობაიის - ვლადიმერ ალფენიძის მშობლიური სოფლის - მკვიდრი ვიზრდებოდი, შეიძლება ითქვას, ჩემი სახელოვანი თანასოფლელის ჩრდილქვეშ. სკოლაში დღე არ გავიდოდა, რომელიმე მასწავლებელს არ ეხსენებინოს ალფენიძე ვიტალი - როგორც მას ჩვენთან დღემდე ეძახიან. მაგალითად, როცა მოვყვებოდით გაკვეთილს ამა თუ იმ საგანში, მასწავლებელი იტყოდა: კარგია, მაგრამ ამ გაკვეთილს ვიტალი სულ სხვანაირად ყვებოდაო; იშვიათად, მაგრამ თუ დავაშავებდით, გვეტყოდნენ: ვიტალი ამას არ იკადრებდაო და ა.შ. ერთი, სიტყვით, ვიტალი ანუ ვლადიმერ ალფენიძე თანასოფლელთა ჩემი თაობისთვის იყო სანიმუშო, მისაბაძი ადამიანი.

მთელს სოფელს, განსაკუთრებით სკოლას ძალიან უხაროდა მისი ყოველი წარმატება. ის ხომ ბავშვობიდანვე, სკოლის მერხიდან იყო საოცრად პოპულარული. წარმოიდგინეთ, 17-18 წლის ბიჭუნას, საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ირჩევენ უზარმაზარი რაიონის - გალის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად, ფაქტობრივად რაიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. ასეთი რამ ყოფილ საბჭოთა კავშირში არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, სოფელში, სკოლაში, რაიონში ვლადიმერის მიმართ ყოველთვის იყო განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებული ინტერესი. ყველა აკვირდებოდა და ხარობდა მისი წარმატებებით. მახსოვს, როდესაც მან ლექსების პირველი კრებული „მთები და სიჭაბუკე“ გამოსცა (1963 წ.), ლიტერატურის მასწავლებელმა ლიანა შამუგიამ ერთ მშვენიერ დღეს ის წიგნი მოგვიტანა და მთელი გაკვეთილი მის განხილვას მიუძღვნა.

განხილვას, სხვებთან ერთად ესწრებოდა ჩემი თანაკლასელი და ახლო მეგობარი, აფხაზეთში ცნობილი ოჯახის შვილი ნანი ფეტელავა, რომელიც შემდგომში ვლადიმერ ალფენიძის უერთგულესი მეუღლე გახდა. სამწუხაროდ, ნანიც გარდაცვლილია.

მოსაგონარი და სათქმელი კონფერენციის მონაწილეებს საკმარისად გვაქვს. ბევრმა გამოთქვა გამოსვლის სურვილი. არა მგონია, საჭირო იყოს წინასწარ რეგლამენტის დაწესება, მაგრამ გავაკეთოთ ისე, რომ ყველა მსურველმა შესძლოს გამოსვლა და ამავე დროს დარბაზიც არ გადაიღალოს.

პროგრამის მიხედვით, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია, ახლა ეკრანზე ვიხილავთ ათწუთიან სიუჟეტს ვლადიმერ ალფენიძის ცხოვრება - მოღვაწეობის შესახებ. ამის შემდეგ კონფერენციას გაუძღვება ცნობილი მსახიობი კახა ძაძამია.

კონფერენციის დასაწყისში წარმოდგენილ იქნა ვლადიმერ ალფენიძს ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ ათ წუთიანი ვიდეომასალა. ვლადიმერ ალფენიძე დაიბადა 1937 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. მას დამთავრებული აქვს მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. როგორც თანამედროვეები იხსენებენ მწერლობაში მას გზა დაულოცა ცნობილმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და მას შემდეგ კალამი ხელიდან არ გაუგდია. პირველი პოეტური ნაწარმოები "საახალწლო ზღაპარი" გამოაქვეყნა 1954 წელს, პირველი წიგნი–ლექსების კრებული "მთები და სიჭაბუკე" - 1963 წელს. მისი მხატვრული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობების კრებული "ოცდაცამეტი მზის სახოვანი ბრძენი იაკობი"(1976), რომანები: "ცურტავის ზარები"(1978), "სიყვარული და უკვდავება"–ტრილოგია: "დუელი მგლის ველზე"(1980), "მწვერვალები და უფრსკულები"(1981), "სიკვდილი ქრისტეს ასაკში"(1982). რომანების, ლექსებისა და მოთხრობების კრებული "სააწუთრო"(1988), პუბლიცისტური წიგნები "პორტუგალიური დღიურები"(1979), "ბრაზილიური დიალოგები"(1980). მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

1986–1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, მოგვიანებით, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ მოხსენებით წარსდგა მწერალი, ჟურნალ „კირბისის“ რედაქტორი გულადი ფეტელავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვლადიმერ ალფენიძე იმდენად მრავალპლანიანი, მრავლისმომცველი პიროვნება გახლავთ, რომ ერთ გამოსვლაში მისი თუნდაც მიახლოებითი გადმოცემა შეუძლებელია. მან ისაუბრა იმ შემოქმედებით ურთიერთობაზე, რომელიც მას მწერალთან ჰქონდა და იმ ზეგავლენაზე რასაც ის ახდენდა. გაიხსენა მამამისისა და ზოგადად მთელი სოფლის ოტობაიას დამოკიდებულება ვლადიმერის მიმართ. გაიხსენა მისი პოეტური კრებული „მთები და სიჭაბუკე“, რომელსაც დიდი გოგლა ულოცავდა გზას.

გამომსვლელებს შორის იყვნენ კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია, ვლადიმერ ალფენიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მუსიკის ავტორი, რომელიც საღამოზე გაჟღერდა კიდეც, პროფესორები იგორ კვესელავა, ტიტე მოსია, სოსო სიგუა, ბაკურ გულუა, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, ვლადიმერ ალფენიძის მეგობარი და საზოგადო მოღვაწე რამინ ქეცბაია, მეცნიერებათა აკადემიის „ფაზისის“ პრეზიდენტი გია კვაშილავა, ცნობილი პოეტი რაულ ჩილაჩავა, თანასოფლელი, სოფელ ოტობაის მკვიდრი ზაურ კვიტია, ვლადიმერ ალფენიძის შვილი გიორგი და სხვა.

მათ გაიხსენეს ვლადიმერ ალფენიძესთან ურთიერთობის წლები, მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდები. ისაუბრეს მასზე, როგორც პატიოსნებით გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელიც დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და ფენომენალური მეხსიერებით თავის ქვეყანას უანგაროდ ემსახურა.


ვლადიმერ ალფენიძის ხსოვნას მიეძღვნა - ტვ.რუსთავი2
https://youtu.be/voJGNHCbuns



ვლადიმერ ალფენიძის ხსოვნას მიეძღვნა- ტვ.იმედი
https://youtu.be/7I9bb5HzK6Q


ვლადიმერ ალფენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო კონფერენცია
https://youtu.be/oG2m7hnki58


მწერლი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ ალფენიძე
https://youtu.be/kSzf2T_nrNE


ვლადიმერ ალფენიძე
https://youtu.be/y1_Wk7s-e6M




















































































































































































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions