უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

19 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. სხდომებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

კოლეგების წინაშე მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. ისაუბრა რა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების და უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სამშობლოში დამბრუნებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომით არის განპირობებული. კანონით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განსაზღვრულია მოქალაქეობის აღდგენისა და დადგენის წესები/პროცედურები, რომლებსაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებენ მოქალაქეობის მაძიებლები. მიუხედავად სირთულეებისა, კომიტეტი შესაბამის სამსახურებთან ერთად მნიშვნელოვან სამართლებრივ დახმარებას უწევდა და უწევს განცხადებით შემოსულ უკლებრივ ყველა ჩვენს თანამემამულეს. ვ. ყოლბაიას განცხადებით აღნიშნული საკითხი უკვე გაგზავნილია საქართველოს პარლამენტში, და დღესდღეობით ჩვენ ველოდებით კანონპროექტის განხილვის დაწყების პროცედურას. ამასთან, კომიტეტი ჩართული იყო საქართველოს პარლამენტში ინიციირებული სხვა კანონპროექტების განხილვის პროცესშიც, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებისა და აფხაზეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით მიმდინარეობდა კონსულტაციები როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ისე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროსთან. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ის, რომ ამ ნორმის შემოტანამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს დევნილთა დემოგრაფიულ სიტუაციაზე, რადგან დღეისთვის ოჯახის წევრთა რაოდენობის ზრდას განაპირობებს, სხვა პრობლემებთან ერთად, საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაც. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებით გადაადგილებული ოჯახების პირველი ნაკადის უმრავლესობა დაკმაყოფილებული არ არის, არსებობენ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებიც. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გაიღო სოლიდური ფინანსური სახსრები აღნიშნული პრობლემბის მოსაგვარებლად, შედეგი მოკრძალებულია. სწორედ ამით არის განპირობებული კანონში ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა, რათა სახელმწიფოს მიეცეს საშუალება უფრო მოქნილად და მოკლე დროში მოახერხოს საკითხის მოგვარება, დევნილებთან მიმართებაში შემდგომი სტრატეგიის შემუშავება, არსებული მექნიზმების დახვეწა. ამ თვალსაზრისით მუშაობა გრძელდება. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ დამუშავდა საქართველოს პარლამენტიდან შემოსული 58 კანონპროექტი. ცალკეულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთდა უარყოფითი დასკვნებიც, კერძოდ საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ ინიციირებული ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საკითხი შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას. ამასთან ერთად, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო დევნილ მოსახლეობასთან ურთიერთობა, მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე მსჯელობა. ამ თვალსაზრისით საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 150 წერილი თუ განცხადება, მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე საკორესპონდენციო და საყოფაცხოვრებო ტვირთების, სამშენებლო მასალის, სოფლის მეურნეობის გარკვეული სახის პროდუქციის გატანის რეგულაციების გამარტივების, ასევე ე.წ. კომპენსირებულ დევნილთა და ომის ვეტერანების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების შეკეთების და სხვა. კომიტეტის მიერ მომზადდა წინადადებები ოკუპირებული გალის რაიონში განათლების მიღების პრობლემასთან დაკავშირებით. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადდა შუამდგომლობები როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ისე აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი უწყებების სახელზე. კომიტეტის მიერ დამუშავდა დადგენილებები რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის თაობაზე, 2022 წლის 12 მარტს დე ფაქტო აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის თაობაზე, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ და სხვა. გაკეთდა მნიშვნელოვანი ანალიზი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების გასხვისების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი უმოკლეს დროში წარმოადგენს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პრეზიდიუმს განსახილველად. ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. შეხვედრებზე განიხილებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, უფლებების ადვოკატირებაში არსებული პრობლემები, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხები. კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა ანგარიშვალდებული დაწესებულებების ანგარიშებსა და აფხაზეთის მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთობლივად რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კონტროლის თვალსაზრისით და სხვა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა ჩაატარა 26 სხდომა, ინიციირებულია 25 დადგენილება, მათ შორის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.

გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ დეპუტატები თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, მურმან კვარაცხელია, ელგუჯა გვაზავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა. გამოთქვა მოსაზრებები და წინადადებები, რომელთა მოსმენის შემდგომ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

სხდომის მუშაობა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად დევნილობისა და იმ რთული ვითარებისა, რომელშიც ვიმყოფებით, საკანონმდებლო საქმიანობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია სამი კანონპროექტი - მოქალაქეობის შესახებ, გრანტების შესახებ და სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების შესახებ, განხორციელდა არაერთი ცვლილება რეგლმენტში, დამუშავდა და დაიხვეწა სხვა მნიშვნელოვანი კანონები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია კომიტეტების მიერ საკუთარი პროფილის მიხედვით მუშაობის გააქტიურება. გარდა ამისა, სხდომაზე გამახვილდა ყურადღება უმაღლესი საბჭოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებებზე, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ საქმიანობას ამ მიმართულებით მიმდინარე სასესიო პერიოდშიც. ფაქტობრივად მზადაა დადგენილების პროექტი ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების თაობაზე. მომზადებულია დადგენილების პროექტი დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების თაობაზე. ეს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა, რითაც რუსეთის სასამართლო სისტემას მიეცემა საშუალება განახორციელოს თავისი იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებული ე.წ. კანონპროექტი უძრავი ქონების შესახებ, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა ზღვისპირა ზოლში აპარტამენტები აიშენონ, რაც მათი საკუთრება იქნება. ყველაფერ ამას თვალყური უნდა ვადევნოთ, აუცილებელია შესაბამისი და დროული რეაგირება. მიმდინარე წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს 30-ე წელია ჩვენი დევნილობიდან და აფხაზეთის დაცემიდან, ხოლო აგვისტოში რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების მე-15 წელი შესრულდება. ამასთან დაკავშირებით სოხუმში მიმდინარეობს ძალიან დიდი მზადება, რუსეთშიც არის დიდი მზადება. მოგეხსენებათ ა/წ 5 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამართა შეხვედრა ახლადდანიშნულ ელჩებთან, მათ შორის აფხაზეთის ელჩთანაც, სადაც ყურადღება გამახვილდა სწორედ ამ „დიდი საიუბილეო თარიღის“ აღნიშვნაზე. ჩვენ ვამზადებთ საერთაშორისო კონფერენციას ამ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ზემოაღნიშნულის კონტექსტში ერთობლივად ვმუშაობთ როგორც საქართველოს პარლამენტთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გარდა ამისა, დასახული გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოვადგინოთ მომავალი აფხაზეთის კონსტიტუციის გარკვეული მონახაზი. ამასთან დაკავშირებით იგეგმება საერთაშორისო ვიზიტები ევროპის რიგ ქვეყნებში, რომლის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და აფხაზეთში არსებული რეალიების გათვალისწინებით, წარმოვადგინოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ანგარიშგასაწევი გახდება როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის, ისე ოკუპირებული ტერიტორიისთვის, როდესაც ამის დრო დადგება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კომიტეტს, მის ხელმძღვანელობას და აპარატს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.






































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions