გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ანგარიშში აღნიშნულია დელეგაციის ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე, რომლის ორგანიზებისთვისაც ევროპის საბჭო მადლობას უხდის ქართულ მხარეს.
ანგარიში საუბრობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.
მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. თავის გამოსვლაში, მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისათვის და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. ისაუბრა რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ლაშა დარსალიამ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების საკითხზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, რომლებიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ეფექტური კონტროლის განხორციელებას და პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო, 7 მარტის განჩინება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტომდეც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის რეგიონზე და პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
სხდომაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას.
აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის განცხადებას მიუერთდნენ: ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან მარინო, უკრაინა, საქართველო), აზერბაიჯანის, აშშ-ს, ბოსნია ჰერცეგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, ნორვეგიის, სერბეთის, უკრაინის დელეგაციებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.