აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

21 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის ყოველწლიური მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

 

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე - ინსტიტუციური განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები, აფხაზეთის დეოკუპაცია, სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, საბიუჯეტო ხარჯების მაჩვენებელმა შეადგინა 3 055 400 ლარი (ზრდა 13%), ხოლო პროგრამულ ნაწილში დაფინანსება 7 084 052 ლარით გაიზარდა (ზრდა 55%). 2022 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის საერთო მაჩვენებელმა კი შეადგინა 24 953 085 ლარის ოდენობით (ზრდა 8%).

როგორც რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, ერთერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი, რომელიც უკავშირდება მთავრობის საქმიანობას, არის ბიუჯეტური დაფინანსება. მისი განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიზანია გაგრძელდეს რესპუბლიკური ბიუჯეტის სტაბილური ზრდა, რაც ხელს შეუწყობს შემუშავებული პროგრამების ეფექტურად განხორციელებას დევნილთა სოციალური და ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობის მიზნით, გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ინიციატივები, მათ შორის ერთერთი მთავარი გახლდათ ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესი. მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ 2022 წელს ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები შედგა მხოლოდ ერთხელ. საუბარი შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი მიმოსვლის, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის, უკანონო პასპორტიზაციისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხებს.

მოხსენებაში რუსლან აბაშიძემ მიმოიხილა მთავრობის აღმასრულებელი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობა სოციალურ და ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, სპორტის სფეროში, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის კუთხით. აღინიშნა აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის გაწეული ჯანდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის დახმარების შესახებ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი გზამკლევი, ამოქმედდა დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამა, კვლავინდებურად მიმდინარეობს სამართლებრივი დახმარების პროგრამა. დაგეგმილია საარქივო ფონდის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს დევნილთათვის სხვადასხვა სახის მომსახურების განხორციელებას. გაიზარდა დაფინანსება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, განხორციელდა სხვადასხვა სახის პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 22 ათასი მეტმა ბენეფიციარმა. ჯანდაცვის კუთხით 4.500 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება და სხვა.

მოხსენების დასრულების შემდეგ, გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა მთავრობის პოლიტიკას კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ბიუჯეტის დაგეგმვას, დისტანციური სწავლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე განათლების აკრძალვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აფხაზეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის აღდგენას, დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და სხვა.

რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს მთავრობის საქმიანობისადმი გამოჩენილი დაინტერესების გამო და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი სტრუქტურების საქმიანობის კოორდიანაცია გაგრძელდება, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგებზე დადებითად აისახება.

სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა რუსლან აბაშიძეს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, ამასთან დადებითად შეაფასა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა, დევნილთა ყოფის გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებები და გაჟღერებული ინიციატივები. გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

ამასთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა დისტანციური სწავლების ზოგიერთი საკითხი. აღნიშნა, რომ 2015 წლიდან ეს საკითხი მუდმივად იხილებოდა უმაღლეს საბჭოში, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, თუმცა უშედეგოდ. სამინისტროს ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. სამინისტროს მიერ და პირადად მინისტრის ინიციატივით განხორციელებულმა ერთერთმა პროექტმა, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განვითარება.


აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა
https://youtu.be/xq6zwFBPevY
























































































 

 

 

































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions