გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი დაემატება

საქართველოს პარლამენტში იხილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკითხი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

აღნიშნული ცვლილებების მომზადება აფხაზეთის მთავრობაში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის არსებული რედაქციის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მმართველობისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნებისათვის გრანტის სახით გასცეს დაფინანსება.

აღნიშნული საკითხი პარლამენტის ბიუროს დადგენილებით განხილული იქნა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის კომიტეტებში.

მიმდინარე წლის 25 აპრილს ზემოხსენებული საკითხი განიხილა წამყვანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა. კომიტეტის წევრებმა საკითხის განხილვისას ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს.

აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით მინისტრის აპარატს, როგორც სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქმიანობის მაკოორდინირებელ ინსტიტუტს, მიეცემა შესაძლებლობა პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით, ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის, სამშვიდობო ინიციატივების, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის, საგანმანათლებლო და სპორტული, სოციალური პროექტების და სხვა კონკრეტული მიზნების განხორციელებისათვის გასცეს მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით.

გარდა აღნიშნულისა ასეთი უფლებები ნებადართული იქნება აფხაზეთის მთავრობის მიერ შექმნილი რიგი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.


































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions