ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მკვლელი კვლავ თავისუფლად განაგრძობს ცხოვრებას.
2018 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ - ასე ეწოდება საქმეს, რომლის საჩივარშიც საია მიუთითებს, რომ ოთხოზორიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით: „7 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ჩვენი თანამემამულის, აფხაზეთიდან დევნილის, ახალგაზრდა კაცის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. იგი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მკვლელი სასჯელს ვერ გაექცეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი და დიპლომატიური ინსტრუმენტი, რათა დამნაშავემ კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი“.