სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა

დღეს, 23 მაისს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელ საქართველოში აღინიშნება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა.

 

ტაძარი შენდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით აფხაზეთსა და შიდა ქართლში, 1990-იან წლებში საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად. ეს ტაძარი იქნება მთელს მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთი საკულტო ნაგებობა, სადაც აღევლინება ლოცვები ძმათამკვლელ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის განსანათლებლად შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად.

ტაძრის ეზოში დევნილ საზოგადოებასთან ერთად დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები. გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა ლოცვა, სიტყვით მიმართა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მიმართვა წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას. შეკრებილთ მიესალმნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სხვები.


სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა
https://youtu.be/BlmDcHoH0mI































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions