გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, გენო ადამიას ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოება.
გმირთა მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ეროვნული გმირის დამსახურებაზე ისაუბრეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ქალაქის მერმა კახი კალაძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ. ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “აფხაზეთის” მონაწილეობით რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა.
გენო ადამია აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლის დროს დაიღუპა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 22 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ჯემალ გამახარია გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ბიუსტის გახსნას დაესწრო
https://youtu.be/g1k_UQWAPlw