აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტ-ახალგაზრდობის მიმართვა მსოფლიოს სტუდენტური ორგანიზაციებისადმი

 

აფხაზეთიდან/საქართველო იძულებით ადგილნაცვალი სტუდენტი - ახალგაზრდობის სახელით პატივი გვაქვს მხურვალედ მოგესალმოთ და მოგილოცოთ სტუდენტთა საერთაშორისო დღე - 17 ნოემბერი. გისურვებთ წარმატებებს მეცნიერების საფუძვლების დაუფლებაში, საზოგადოებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

 

აფხაზეთის მკვიდრი სტუდენტები, ვთვლით რა ჩვენს თავს მსოფლიო სტუდენტთა დიდი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად, სოლიდარობასა და მუდმივ თანადგომას ვუცხადებთ სტუდენტთა მსოფლიო ორგანიზაციებს, მათი მეშვეობით კი სტუდენტთა მრავალმილიონიან საზოგადოებას იმ საქმიანობაში, რომელსაც ისინი ეწევიან ხალხთა და ეროვნებათაშორისი თანასწორობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების, მოსწავლე - ახალგაზრდობის უფლებების დასაცავად.

 

აფხაზეთის მკვიდრმა სტუდენტებმა კარგად ვიცით მშვიდობიანი ცხოვრების ფასი. ჩვენ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ნეოიმპერიული გარეშე ძალების მიერ განხორციელებული ეთნოწმენდისა და სეგრეგაციის პოლიტიკის მსხვერპლი მოსახლეობის ის ნაწილი ვართ, რომელთაც გვეკრძალება საკუთარ სახლებში ცხოვრება და მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლა. დღესაც ვგრძნობთ და განვიცდით უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარების მეშვეობით შექმნილი გარემოებების ავბედითობას. განუსაზღვრელია სულიერი, მორალური და მატერიალური დანაკარგებით გამოწვეული ტკივილი.

 

აფხაზეთის სტუდენტი - ახალგაზრდობა იმედს არ კარგავს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და სულ მალე არსებული სიტუაცია სამართლიანიად შეიცვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, ყველა დევნილი მოქალაქის, მათ შორის სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის მიღწევით. ჩვენი ყოველდღიური მეცადინეობა სწავლასა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მიმართულია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ამ პრობლემატიკის პოლიტიკური დარეგულირებისათვის მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობისაკენ,  რაშიც თითოეული თქვენგანის, ცალკეული პიროვნებისა თუ ორგანიზაციის  მხარდაჭერისა და თანადგომის სურვილი და იმედი გვაქვს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გამართული შეკრების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები განსაკუთრებული ემოციით, ტკივილით, სიყვარულით და იმედით მივმართავთ აფხაზ სტუდენტებს: როგორი ხმამაღალი ნათქვამიც არ უნდა იყოს, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, პერსპექტიული და რეალური შედეგის მომტანი ჩვენი გულახდილი ურთიერთობა იქნება. ჩვენ უნდა შევძლოთ გულწრფელი სინანული მომხდარი ტრაგედიის გამო და ყველა ადამიანური, ახალგაზრდული რესურსის გამოყენებით მოვახერხოთ ერთად, ბედნიერად ცხოვრება!

 

ჩვენ ერთად მედგარნი და უძლეველნი ვიქნებით!

 

სტუდენტთა საერთაშორისო დღეს თქვენთან ერთად პატივს მივაგებთ იმ სტუდენტი - ახალგაზრდობის მარადიულ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დაცვას, მსოფლიოს გაკეთილშობილების უზენაეს იდეალებს შესწირეს.

 

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. მაშასადამე, ეს არის ახალგაზრდული გაბედულების, პირდაპირობის, მხიარულებისა და რომანტიკის დღე, ეს არის ურთიერთმხარდაჭერის, მშვიდობისათვის საერთო პასუხისმგებლობის გათავისების, მეცნიერებაში ახალი სიტყვის თქმისათვის ზრუნვის, ქვეყნიერების უკეთესი მერმისისათვის მოფიქრალთა და მოღვაწეთა დღე.

 

ჩვენ ასე აღვიქვამთ,

ჩვენ ასე გვეიმედება.

ღმერთი იყოს ჩვენის მფარველი!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გამართული დევნილი სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენელთა შეკრება


ქ.თბილისი 17.11.11.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions