ელგუჯა გვაზავა: ”ანქვაბზე თავდასხმის უკან მასზე განაწყენებული ჩინოვნიკები დგანან”

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას აზრით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მასთან დაპირისპირებული შიდაძალების მიერ უნდა იყოს მოწყობილი. "ანქვაბზე თავდასხმის შესახებ ვერსიები ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსკოვს დღეს წესრიგი უფრო აწყობს აფხაზეთში, ვიდრე არეულობა, რომ იქ ყველა კუთხით დემოკრატიული კანონები მყარდება და სწორედ ამიტომ იქნა არჩევანი ანქვაბზე შეჩერებული. ანქვაბზე თავდასხმა შესაძლოა, როგორც სოხუმში, ისე მოსკოვში მყოფ ჩინოვნიკებს მოეწყოთ. ანქვაბმა აფხაზეთში "ატკატების" დრო დაამთავრა”.

 

”დღეს აფხაზეთში, არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც განაწყენებულნი არიან იმაზე, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს. ეს ძალიან გავლენიანი, ძლიერი კლანებია, რომლებმაც ფესვები მოსკოვში გაიდგეს, და ვის გადაუჭრა გზა ანქვაბმა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ანქვაბი წესრიგის კაცია, დე ფაქტო უწყებებში საკადრო წმენდები დაიწყო, ნარკოტიკებსა და კრიმინალებს ბრძოლა გამოუცხადა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ ჩინოვნიკებს არ აწყობთ, რომლებიც აფხაზეთსა და რუსეთში მოსახლეობის ფულს ერთად იყოფდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავდასხმის უკან სწორედ ანქვაბზე განაწყენებული ჩინოვნიკები დგანან” - აცხადებს გვაზავა.

 

ანქვაბის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions