ელგუჯა გვაზავა: ”რა პროცესები იწყება აფხაზეთში?”

 

 

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტზე ა. ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებამდე ”რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობად” შეაფასა. ანქვაბის პრეს-მდივანმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში ქართულ კვალს ვერ ხედავს. კიდევ ერთი სავარაუდო ვერსიის მიხედვით, ეს თავდასხმა არის კორუფციულ–კრიმინალური კლანური დაჯგუფებების წინააღმდეგ გაბრძოლების პასუხი. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ყველაზე რეალურად ბოლო ვერსიას მიიჩნევს:

 

- ქართულ კვალს რაც შეეხება,  კარგია, რომ აფხაზები ვერ ხედავენ მას ამ თავდასხმაში, ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ბრალდება იქნებოდა. ჩვენ რატომ უნდა გვაწყობდეს არეულობა აფხაზეთში? ეს აბსურდია! საპარლამენტო არჩევნების ფაქტორიც არ არის გამორიცხული, მაგრამ უფრო ლოგიკურს მესამე ვერსია ჰგავს. თვალყური რომ მივადევნოთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, აშკარად ჩანს, როგორ გამოუცხადა  ბრძოლა ანქვაბმა კორუფციასა და კრიმინალს. არ არის გამორიცხული, რომ იმ განაწყენებულმა ჩინოვნიკებმა, შსს მოხელეებმა თუ  არაკეთილსინდისიერმა მებაჟეებმა,  რომლებიც მან  თანამდებობებიდან დაითხოვა, სამაგიერო გადაუხადეს. ჩვენთვის ისიც არის ცნობილი, რომ მთავრობის სხდომაზე ის კარგა ხანს აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს დანაშაულის დაფარვის, გაგრის „მაფიოზურ“ კლანებს კი გადასახადების გადაუხდელობის გამო. არც ე.წ. მეომრების კლანია ანქვაბის მადლიერი, რომელსაც თუ ადრე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა, ახლა „მოღვაწეობის“ არეალი შეეზღუდა. ამ კლანურ დაჯგუფებებს კრემლის მაღალჩინოსნები უმაგრებენ  ზურგს და, ნებსით თუ უნებლიედ, მათი ინტერესებიც შეილახა. იცით, ეს რას ნიშნავს? როცა კრაზანების ბუდეს საფრთხე ემუქრება, ისინი თავდასხმაზე გადმოდიან. აი, ამ ბუდეს შეეხო ანქვაბი, ანუ კრემლის კორუფციულ „ფილიალს“ აფხაზეთში.  რუსეთი, კორუფციის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი „წამყვანი“ ქვეყანა და ამ კორიუფციული სისტემის  ერთმა პაწაწა ნაწილმა სცადა რაღაცის გასწორება?! რეაქციამაც არ დააყოვნა.

 

რუსეთს, პოლიტიკური თვალსაზრისით, არ უნდა აწყობდეს მის მიერ აღიარებულ „დამოუკიდებელ“ აფხაზეთში მისივე ინსპირირებული თავდასხმები პრეზიდენტზე...


- რუსეთს ახლა თვითონ სჭირდება წესრიგი აფხაზეთში, ამიტომ ცდილობს შექმნას ისეთი პირობები, რომლითაც გამოიკვეთება აფხაზეთში თითქოსდა არსებული დემოკრატია, მშვიდობა, ამიტომაც კრემლმა  ხელი არ შეუშალა ანქვაბს საპრეზიდენტო არჩევნებში და გზა მისცა რეფორმების გასატარებლად. ანქვაბი ვიცე–პრემიერის რანგშიც ებრძოდა დარღვევებს. ის ბუნებით არის კანონმორჩილი და წესრიგის მოყვარული ადამიანი და კარგად ესმის, რომ სანამ იქ უკანონობა, კორუფციული განუკითხაობა და ქაოსი არ აღმოიფხვრება, აფხაზეთი ვერავის თვალში (ვისი ყურადღების მიპყრობასაც ცდილობს) ვერ ჩამოყალიბდება ქვეყნად.

 

თითქოს დაებედათ აფხაზ პრეზიდენტებს ხიფათი. პირველი ორი პრეზიდენტის უცნაური გარდაცვალება. ანქვაბიც, უკვე პრეზიდენტის რანგში, ზაფხულში ავად გახდა... ახლა თავდასხმა მოუწყვეს... მიანიშნებს ეს რამეზე?


- ალბათ აფხაზეთშიც უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ ისინი იმართებიან და უნდა იმართებოდნენ კრემლიდან ასეთია მათი რუსი „ძმების“პირობა. ყველი უფასო არის მხოლოდ სათაგურში და ისიც თაგვისთვის, ოღონდაც არა პატრონისთვის! – ეს ანდაზა მათაც იციან, მაგრამ რა ქნან? ერთადერთი იმედი არის გზა ევროპისკენ.

 

თუმცა ანქვაბის თქმით, აფხაზეთი ევროპის გარეშეც იარსებებს....


- არა მგონია, ამის მთქმელი ანქვაბი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულწრფელი იყოს! ანქვაბმა იცის, რომ რუსეთს შეუმჩნეველი არ დარჩენია მოჰაჯირების თემის გააქტიურება, რაც ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა დაიწყო. ამიტომაც მისი სიტყვა შეიძლება საქმის იდენტური არც იყოს. ანქვაბმა კარგად იცის, რომ რუსეთის ხელში აფხაზებს გადაშენება ემუქრება, რომ დღეს ყველაზე მცირერიცხოვანი აფხაზეთში აფხაზი ეთნოსია. მათი ხსნა ევროპასთან  დაახლოებაა, თანაც ჩვენთან ერთად, ერთიანი საქართველოს ფარგლებში, რასაც რუსეთი აუცილებლად შეეწინააღმდეგება. აი, ეს პროცესები იწყება ახლა. და ვფიქრობ, რომ ხანმოკლე არ იქნება!

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions