ელგუჯა გვაზავა: ”...ყველა რესურსი ამოწურული არ არის”

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ ტრადიციული ყოველთვიური ანალიტიკური მიმოხილვა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტარით დაიწყო.

 

- მართალია, რუსეთის არჩევნებზე წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ, მაგრამ ამ თემას მაინც ვერ ავუვლით გვერდს. ეს არჩევნები არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ რუსეთში დღესაც ანტიდემოკრატიული ძალები ბობოქრობენ და იმარჯვებენ კიდეც. სერიოზული დარღვევები, მასშტაბური გაყალბება, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაკავება, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები - ყოველივე ამის ფონზე პუტინის გამარჯვება სპექტაკლია. მე არ ველი ძირეულ ცვლილებებს. გაგრძელდება პუტინის ხისტი პოლიტიკა - სხვა ქვეყნების მიმართ იმპერიული და ანტიდემოკრატიული. თუმცა საქართველოსთან ურთიერთობების დათბობის სურვილიც შეიძლება გაუჩნდეთ. რატომაც არა, წართმევის და აღიარების ეტაპებმა ჩაიარა და ახლა უკვე დასჭირდებათ ურთიერთობა მეზობელთან, თუნდაც ეკონომიკური ხაზით...

 

რუსეთმა ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივას სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით თითქოსდა დადებითად უპასუხა, მაგრამ ისეთი პირობები მოაყოლა, რომელიც საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოდის, რომ მკვდრადშობილი საპასუხო შემოთავაზებაა რუსეთის მხრიდან?


- რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება მეორეხარისხოვანი პრობლემების რეგულირებას, მთავარი პრობლემის გადაუჭრელად. სავიზო რეჟიმის გაუქმება პოზიტიური ნაბიჯია პირველ რიგში მოქალაქეთათვის, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას ხელს ვერ შეუწყობს. ეს არის ერთ-ერთი თანმხლები პროცესი ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა. მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან ურთიერთობების განახლებაზე, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ამის განხორციელება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე.

 

საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მთავარ პირობად მიხეილ სააკაშვილი აყენებს საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას ძველ საზღვრებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. ვ.პუტინმა კი განაცხადა, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს და ეს კურსი არ შიცვლება აღიარებულ რეგიონებთან მიმართებაში.


- ეს ცინიკური განცხადებაა. უფრო მეტი ცინიზმი კი ისაა,  რომ თურმე საქართველოს  ხელისუფლებამ უნდა გადახედოს კანონს ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რაც ფაქტიურად ნიშნავს 2008 წლის ომში დანაშაულის აღიარებას. იცით ეს რას ჰგავს? - კაცმა რომ სილა გაგაწნას და მერე ბოდიშის მოხდა შენვე მოგთხოვოს. მიუხედავად ასეთი ალოგიკურობისა, მე მაინც ვთვლი, რომ დღევანდელი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის ურთიერთობის ყველა რესურსი ამოწურული არ არის. სავიზო რეჟიმის შესახებ ინიციატივების უგულებელყოფა არ შეიძლება, ბოლო-ბოლო როდესმე ხომ უნდა დადგეს ჩიხიდან გამოსვლის ეტაპიც, დაიწყოს დიალოგი და ვინ იცის, რა შედეგამდე მივალთ. დიპლომატიას ახასიათებს ე.წ. პარტერული ბრძოლები. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გარკვეულია და ჩვენს ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რუსეთისთვის ჩვეული უპირო ქცევებით და მანერებით ეს მცდელობაც იმავე ჩიხში აღმოჩნდეს.

 

არჩევნების ფონზე განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლის გახსნაზე რას იტყვით?


-  ეს ჩემთვის გაუგებარი მომენტია. შეიძლება სულაც სპონტანური იყო, რუსი მესაზღვრე დათვრა და გათამამებულმა დაიწყო სროლა... ნებისმიერ შემთხვევაში, ვგმობ ამ ფაქტს. სახელმწიფო, რომელიც სხვის ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასაც არ უნდა ემუქრებოდეს.

 

ა. ანქვაბხმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა... ”ძლიერ რუსეთს, რომელიც  მსოფლიოში დიდ როლს თამაშობს და ითამაშებს...”


- აბა, რა გითხრათ, პოლიტიკური კურიოზია. როგორც იტყვიან, კომენტარიც კი ზედმეტია. ”დამოუკიდებელი ქვეყნის” პრეზიდენტი სხვა ქვეყნის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას და ხმასაც აძლევს. ამით ანქვაბმა აღიარა, რომ აფხაზეთი თავის ხალხიან-პრეზიდენტიანად მარიონეტია და რუსეთის იმპერიის ნაწილი.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის შეთავაზებული 1993 წლის 15-16 მარტს მოგერიებული ფართომასშტაბიანი შეტევისადმი მიძღვნილი გადაცემა გაუგებარი მიზეზების გამო გადაიდო. რითი შეიძლება ეს აიხსნას?


- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. როგორც გვითხრეს, აფხაზეთის თემაზე უკვე გასულა გადაცემა და გამეორება რომ არ გამოსულიყო ამიტომ თავი შეიკავეს. ვფიქრობ, ეს უფრო პირველი არხის რომელიღაც თანამდებობის პირის ინიციატივაა. და საერთოდ, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის საქართველოში აფხაზეთის პრობლემა აქტუალობას კარგავს. არადა, აფხაზეთის თემა ყოველდღე უნდა ჟღერდეს ყველა დონეზე და ყველა საშუალებებით. არ შეიძლება ამ ”ჭირს” შეეჩვიოს ქართველი კაცი. 15-16 მარტის მოვლენები იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის, რომ ეს დღე არტილერიის დღედ გამოცხადდა. ჩემის აზრით, არა მარტო არტილერიის, ქართული არმიის დღედაც უნდა იყოს აღიარებული. იმ დღეს ლაშქარი გადაიქცა ჯარად. ქართველმა ბიჭებმა, ასე ვთქვათ, პრიმიტიული ძალებით კბილებამდე შეიარაღებული იმპერიული ჯარის იერიში არათუ მოიგერიეს, კონტრშეტევაზეც გადავიდნენ და მტერს დიდი დანაკლისი მიაყენეს. არის ასეთი შეფასებაც, რომ იმ დღეს შეიძლებოდა აფხაზეთის ომი დამთავრებულიყო, მაგრამ თბილისიდან მოვიდა უკან დახევის ბრძანება და ქართველი მეომრებიც დამორჩილდნენ. სამწუხაროდ, ეს შეუპოვარი ბრძოლა და გმირული თავდადება, როგორც შანსი სეპარატიზმის დამარცხებისა, ვერ გამოიყენა საქართველომ. რუსეთი ხომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ღიად ვერ მონაწილეობდა, 2008 წლის მსგავს შემოჭრას მაშინ ვერ გაბედავდა და შეიძლებოდა ამ პრობლემის უკეთესად მოგვარება... მარადიული ხსოვნა დაღუპულ მეომრებს. მე მუხლს ვიხრი მათ წინაშე.

 

გაზაფხულის პირველი თვე ლამაზი დღესასწაულებით იწყება. უმაღლეს საბჭოს თუ აქვს ჩაფიქრებული რაიმე ღონისძიება ამასთან დაკავშირებით?


- რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს უმაღლესი საბჭოც შეუერთდება. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ქართველი ქალი თავისი ბუნებით ჭკვიანი, კდემამოსილი, მოკრძალებული და შრომისმოყვარეა და რაც ძალიან დასაფასებელია, უბადლო დედა და ერთგული მეუღლეა. ქართველ ქალს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეკავა. თამარ-მეფისა და ქეთევან დედოფლის შთამომავლებს არასოდეს აკლდა ემანსიპაცია. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგრამ ქართველი ქალივით მოხიბვლელი, როგორც გარეგნულად, ასევე სულიერადაც, მე არ მეგულება. ქართველი ქალი ყოველთვის სიყვარულისაკენ ისწრაფვის და ჩვენც სიყვარულითვე ვუპასუხებთ. მოვიწვევთ გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონებს, მივულოცავთ ამ ლამაზ დღეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებსაც  გადავცემთ.

 

 

 


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions