ანზორ წოწონავა: "საქართველოს პარლამენტი და აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანიები საკოორდინაციო საბჭოს შექმნიან"

 

საქართველოს პარლამენტში მზადდება კანონპროექტი პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ურთიერთობების სამართლებრივი დარეგულირების საკითხზე. ამას უფრო დეტალურად განმარტავს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა.

 

თუ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ, გაგვახსენდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების (1991წ.) შემდეგ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები მოქმედი კანონის საფუძველზე იყვნენ საქართველოს უმაღლესი საბჭოს (შემდგომ პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილეები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მიღებამდე გარკვეულწილად არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობების ვერტიკალი ცენტრსა და რეგიონს შორის. მაგრამ შემდგომ, როდესაც ქვეყანაში  თავი იჩინა პოლიტიკურმა დაძაბულობებმა, ეს ურთიერთობები მოიშალა სხვადასხვა მიზეზის გამო - აფხაზეთი მოწყვეტილ იქნა საქართველოს იურისდიქციას, ხოლო აჭარის მაშინდელი ლიდერს პრინციპული უთანხმოება ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამიტომ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრებიდან შეირჩა პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე, ამ რეგიონებში პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, თავი XII, მუხლი 115, პ.1, ქვეპუნქტი ა). მაგრამ ამ ცვლილებით საქართველოს პარლამენტთან აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოების სამართლებრივი ურთიერთობის საკითხი მაინც ვერ დარეგულირდა.

 

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მაინც გვაქვს საქმიანი ურთიერთობა პარლამენტთან, ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობენ საპარლამენტო კომიტეტებისა თუ კომისიების სხდომებზე ამა თუ იმ საჭირბოროტო სამართლებრივი საკითხების განხილვაში. უმაღლეს საბჭოში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა კანონპროექტის განხილვა, რომელიც არის პარლამენტის კანონშემოქმედებაში. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უმაღლეს საბჭოსა და პარლამეტს შორის სრულყოფილად მიმდინარეობს თანმაშრომლობა და არავითარ განახლებას არ საჭიროებს. უწინდელი კონტაქტები უფრო პიროვნულ ურთიერთობებზე იყო დამყარებული და დღემდე ამ რეჟიმში ვმუშაობთ.

 

მაგრამ წამოიჭრა მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, როგორიცაა მაგალითად, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების კონცეფცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების, დამატებების შეტანის შესახებ, ბიუჯეტის ფორმირების საკითხები, ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობების გამიჯვნისა და სხვა საკითხები. ამიტომ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილის ინიციატივით ა.წ. 26 მარტს წარმოდგენილი იქნა პროექტი ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელშიც უნდა შევიდეს სამ-სამი წევრი საქართველოსა და რეგიონული პარლამენტებიდან.

 

მე ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭოს შექმნა არის დემოკრატიზაციის შესამჩნევი პროგრესი, რადგანაც ეს ორგანო იქმნება, როგორც ქვეყნის ხელისუფლების შტო სხვა ორგანოების ფორმირების ანალოგიურად (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ცენტრალური საარჩევნო კომისისა და სხვ.), რითაც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებს ეძლევა რეალური შესაძლებლობა უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის მართვის სამართლებრივი სისტემის დახვეწაში (პოლიტიკურ ცხოვრებაში).

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions