სტეპანაკერტში მყოფმა ქართველმა მწერალმა ბესო ხვედელიძემ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბოდიში მოუხადა აფხაზ ერს ”იმ უღირსი ქართველების გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ სოხუმში აფხაზების გვერდით და გადამწყვეტ მომენტში არ დაიცვეს საკუთარი სამშობლო და ღირსება. მათ აფხაზებს ესროლეს”. მისი აზრით, ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ გავიდა ოცი ცელი, თუმცა არ მოიძებნა არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც იტყოდა იმას, რაც თქვა მან.
მწერალ ხვედელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა აფხაზეთის ავტონომიური რსპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, რომელიც გაკვირვებულია აფხაზეთის პრობლემატიკაზე ”მოფიქრალი ექსპერტების” რაოდენობის მომრავლებით.
”გაკვირვებას იწვევს ქვეყნისთვის ამ ურთულეს და ფაქიზ პოლიტიკურ საკითხზე უპასუხისმგებლოდ მოლაპარაკე სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა წარმოჩენა. როგორ შეიძლება გაბედო და საზოგადოებას შესთავაზო შენი პირადი მოსაზრებები ისეთ საკითხზე, რომლის არსში ჩახედულიც კი არ ხარ, და რაც მთავარია, დაჟინებით მოითხოვო შენი ე.წ. ”რეკომენდაციების” აუცილებელი გაზიარება” - აცხადებს თ. ხუბუა.
”აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს არაერთხელ საჯაროდ განუცხადებიათ აფხაზეთის პრობლემატიკის პოლიტიკური და ზნეობრივი შემადგენელის რეალურ მახასიათებლებზე, ამიტომ საჭიროდ არ მიმაჩნია ამ საკითხზე შეჩერება, მაგრამ როცა ამას აკეთებს ქართველი მწერალი, ვინმე ხვედელიძე, თანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამავე დროს ქართული საზოგადოების სახელს ამოფარებული, რა თქმა უნდა პროტესტისა და სინანულის გრძნობა მეუფლება. პროტესტის, იმიტომ, რომ ხვედელიძის მიერ გაცხადებული, ნებისმიერი სოხუმელის და აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტამდე მცხოვრები ქართველის შეურაწყოფაა, ხოლო სინანულის იმიტომ, რომ საქართველოში ცალკეულ ადამიანებს ჯერ კიდევ მონური მსოფლმხედველობა აქვთ. ქართველებს აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე არავის წინაშე ბოდიში მოსახდელი არ აქვთ, ხოლო ხვედელიძისა და მისნაირთა პოლიტიკური აზროვნება აგებულია მხოლოდ უღირსობაზე და ყალბ ფასეულობებზე” - აცხადებს თ. ხუბუა.