28 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანს ამირმანსურ მოჰამადს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მხარეებმა მიმოიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა აქტუალური საკითხები. ამასთან ერთად, ბატონმა ელგუჯა გვაზავამ მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუშაობის სპეციფიკისა და მისი სტრუქტურის შესახებ. შეეხო უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივებს.
თავის მხრივ, ბატონმა ამირმანსურ მოჰამადმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების რეალიზაციას.
ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა ამირმანსურ მოჰამადს მობრძანებისათვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, გადასცა წიგნი აფხაზეთის შესახებ.
შეხვედრა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით შედგა.