გასულ კვირას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეთერ ასტემიროვა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების და სტრატეგიის დეპარტამენტის პროფესორს, ამერიკის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის წარმომადგენელს, პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ამერიკელი სტუმრის ინიციატივით აფხაზეთის კონფლიქტის გენეზისის უკეთ გაცნობის მიზნით.
გია გვაზავამ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში კონფლიქტის გენეზისის, მისი ნამდვილი ინსპირატორის და რეალური მიზეზების შესახებ, თუ როგორ მოახერხეს რუსეთის იმპერიულმა ძალებმა სეპარატიზმის გაღვივებითა და წაქეზებით ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტის ინსპირირება, რომლის მოგვარების შუამავლის როლიც, საუბედუროდ თავად რუსეთმა იკისრა. ქ-მა ეთერმა ამერიკელ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში კონფლიქტის წინა პერიოდში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც აშკარად მიმართული იყო სეპარატისტული ტენდენციების გააქტიურებისა და ცალმხრივად უკანონო გადაწყვეტილებების დაკანონებისაკენ.
ამერიკელი სტუმრის გაოცება გამოიწვია ეთერ ასტემიროვას (1991-2003 წლებში აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის და პრეზიდიუმის წევრის) მიერ მიწოდებულმა საბუთმა, რომელიც გაცემული იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, რის მიხედვითაც დაკანონდა თითქოსდა პრეზიდიუმის წევრების, ფაქტობრივად კი მთლიანად აფხაზური მხარის დეპუტაციისა და ეთნიკურად აფხაზი თანამშრომლების შეიარაღება. პოლკოვნიკმა აღნიშნა, რომ ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და ფოტოაპარატით დააფიქსირა იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთი.
რობერტ ჰამილტონი დაინტერესდა, რატომ იყო აფხაზი ხალხი ყველაზე პრივილიგირებული, რატომ სარგებლობდნენ ეთნიკური უმცირესობები გადამეტებული უფლებებით და პრაქტიკულად გადაწყვეტილების მიღების უფლებით, რაზეც უპასუხეს, რომ კომუნისტების დროს შეიქმნა მმართველობის ეთნოკრატიული მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა ეთნიკური უმცირესობების პრივილეგიებს. ისინი მოკავშირე რესპუბლიკებში ასრულებდნენ ბალანსის როლს და მზად იყვნენ კრემლის ხელდასმით დაპირისპირებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრიდანულ მისწრაფებებს. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს.
რობერტ ჰამილტონის შეკითხვაზე - იყო თუ არა კონფლიქტის მიზეზი რელიგიური მრწამსი ბალკანეთის ქვეყნების მსგავსად თავმჯდომარემ უპასუხა, რომ რელიგიურ საფუძველზე კონფლიქტი გამორიცხულია ტოლერანტულ საქართველოში, სადაც ხალხთა შორის ურთიერთობის სიმბოლოდ ერთ მოედანზე 4 სხვადასხვა კონფესიის სალოცავი დგას, რომელსაც ქართველი ხალხი პატივისცემით ეპყრობა. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ რუსული იმპერიული პოლიტიკაა, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს ჩაისახა. გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, რუსეთი საქართველოს არასოდეს თვლიდა პარტნიორად, ის მხოლოდ თავისი საზღვრების გაფართოებაზე ზრუნავდა, რაც მოახერხა საქართველოს დანაწევრებითა და ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის მეზობელი ქვეყნებისთვის გადაცემით; მოგვიანებით ძირძველ ქართულ კუთხეებში ნელი მოქმედების ნაღმების - სამი ავტონომიის შექმნით, რომლებსაც მაშინ აამოქმედებდა, თუკი საქართველო „ცუდ გზას“ დაადგებოდა. რუსმა ”დემოკრატებმა“ კი რაც ჩაიდინეს 21 საუკუნის გარიჟრაჟზე, მთელმა მსოფლიომ ნახა.
პოლკოვნიკისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მორიგი ცხელი წერტილი დანარჩენი ორი ავტონომიის მსგავსად, რაზეც ბატონმა გია გვაზავამ უპასუხა, რომ აჭარას ომი მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ აარიდა იმიტომ, რომ აფხაზეთისგან და ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით მას რუსეთი არ ესაზღვრებოდა. ეს რომ არა, რუსეთი უეჭველად აისრულებდა კიდევ ერთ დიდი ხნის ოცნებას - საქართველოსთვის შავი ზღვის ჩამოჭრას. ასლან აბაშიძემ იცოდა, რომ აჭარის მოსახლეობაში ეს გეგმა დასაყრდენს ვერ იპოვიდა, ამიტომაც დარჩა განუხორციელებელი რუსეთის მორიგი ვერაგული ჩანაფიქრი.