როგორც აფხაზეთის სეპარატისტული საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ იუწყება, აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონის დაბა დრანდაში დაიწყო სირიიდან აფხაზი ეროვნების რეპატრიანტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების ორგანიზებული აქცია. სოხუმის დე-ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებით დაგეგმილია სირიიდან აფხაზეთში 100 ადამიანის ჩამოყვანა და კერძო საცხოვრებელი სახლების მათი ოჯახებისთვის გადაცემა.
ცხადი ხდება, თუ ვისი კუთვნილი სახლების ხარჯზე ახორციელებენ სეპარატისტი მამები მოჰაჯირობის მსხვერპლი ოჯახების შთამომავალთა მიმართ ასეთ “გულისამაჩუყებელ საქველმოქმედო“ ღონისძიებებს. “აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი მოქალაქეებისათვის განსაკუთრებით შეურაწმყოფელია არა იმდენად მათი საკუთრების გასხვისების თავხედური მცდელობებისთვის, არამედ იმიტომ, რომ აღნიშნული აქცია აფხაზეთის მკვიდრი განდევნილი მოსახლეობის მიერ აღქმულია როგორც ვიღაც არამკითხეების მიერ მათთვის სამშობლოს წართმევის ამაზრზენი გადაწყვეტილება.
გაკვირვებას იწვევს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის რეაგირების, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, სისუსტე აფხაზეთში დაწყებული საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ამ ქმედებებისადმი.
აფხაზეთის/საქართველო პრობლემატიკაში ყველა მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვის გასაგებია, რომ რეპატრიანტთა დასახლების მსგავს პრაქტიკას საქართველოს ამ ძირძველ რეგიონში არც პოლიტიკური, არც ზნეობრივ-ყოფითი პერსპექტივა არ გააჩნია. და თუ ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ ვერ გაუგია სეპარატისტთა იდეოლოგებს, პირიქით, უფრო დამაჯერებლად უნდა გაითვიცნობიერონ ამ უკანასკნელთა სათამაშო პაიკად ქცეულმა სირიელმა მოქალაქეებმა და არ დაიჯერონ სხვების უბედურებაზე დამყარებული ბედნიერების მოპოვების ილუზია.