ელგუჯა გვაზავა: ”საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მეტი ყურადღება სჭირდებათ”

 

რას ნიშნავს საქართველოს სიახლოვეს რუსული სადესანტო ხომალდების განლაგება, რატომ არის საჭირო ვიზიტები ყაზახეთსა და უკრაინაში, აქვს თუ არა სქართველოს ბიოლოგიური იარაღი - ამ საკითხებს შეეხო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ყოველთვიურ რუბრიკაში  ”თვითან თვემდე”.

 

ბატონო გია, თქვენ ახლახან დაბრუნდით ყაზახეთიდან. გვიამბეთ თქვენი ვიზიტის შესახებ.


- ეს იყო ადრე დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში საქართველოს ელჩის დავით მუმლაძის მოწვევით.  შევხვდით ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს, ჩვენ ადრეც გვქონდა მათთან ურთიერთობა. ამჯერად ჩვენმა თანამემამულეებმა ქართული ეკლესიის აშენების საქმეში გვთხოვეს თანადგომა. ასტანაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი ზვიად აფხაზავაა. ქართული დიასპორა ყაზახეთში 3200-ზე მეტ ადამიანს ითვლის, საქართველოს მოქალაქეები კი 1000-მდე არიან. შევხვდით ქართველ ბიზნესმენებს. სხვათა შორის, ახლა ყაზახეთს ძალიან კარგი პერიოდი უდგას ეკონომიკის თვალსაზრისით. მათ გამოთქვეს ინიციატივა, რომ საჭიროა კასპიის ზღვის უფრო მეტად დატვირთვა. ცხადია, სატრანსპორტო დერეფანი უცილობლად საქართველოზე უნდა გადიოდეს. საინტერესო გეგმები აქვს საქართველოს ელჩსაც. ბატონი დავითის ხელშეწყობით გაიმართა შეხვედრები ყაზახეთში სხვადასხვა ქვეყნების, კერძოდ ისრაელის, ჩინეთის, თურქმენეთის, ესტონეთის, ლატვიის, სომხეთის, ყირგიზეთის ელჩებთან, ყაზახეთის რიგი უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო საქართველო და აფხაზეთი. როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის თემა აქ დღემდე ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეული, ანუ აფხაზეთში კონფლიქტის ეთნოგენეზს საერთოდ არ იცნობენ, რასაც ხელს „უწყობს“ ყაზახეთში ქართული სატელევიზიო არხების მიუწვდომლობა. ბატონი დავით მუმლაძის აზრით ამ პრობლემას აღმოფხვრიდა თუნდაც ერთი არხის, მაგალითად რუსულენოვანი „პიკ“-ის ტრანსლაცია. მინდა გითხრათ, რომ ელჩების მხრიდან ძალიან დიდი იყო დაინტერესება საქართველოთი. ისინი მეტ-ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობით დაინტერესებულმა ლატვიის ელჩმა ერთი საინტერესო დეტალი გაიხსენა: თურმე დევნილობაში მყოფი ლატვიის ხელისუფლება, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული 1993 წლამდე, აშშ-ში ფუნქციონირებდა ამერიკელების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ასე რომ, მავანთა საყურადღებოდ, რომელთაც უსაფუძვლო და არაჯანსაღი ამბიციები აწუხებთ, უნდა ითქვას, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ტერიტორიადაკარგული დევნილი ხელისუფლების მოღვაწეობის არაერთი მაგალითი არსებობს.

 

ბატონო გია, თუკი ყაზახეთი რუსეთის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, მაშინ რატომ ფიქრობს რუსი ბიზნემენი პროხოროვი, რომ რუსეთს საფრთხე შეიძლება ყაზახეთიდან დაემუქროს ორ შემთხვევაში: პირველი, თუკი რუსეთის მოსაზღვრე ყაზახეთში ფეხს მოიკიდებს რადიკალური ისლამი და მეორე, თუ ყაზახეთს ჩინეთი „დაიკავებს“?


- იცით, ეს პრობლემა მართლაც არსებობს. ვაჰაბიზმმა იქაც შეაღწია და ეს მათაც აშფოთებთ. ყაზახეთი შედარებით ცივილიზებული სახელმწიფოა როგორც რელიგიური, ისე სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით. მას ორი მხრიდან ვეებერთელა იმპერიები ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან - რუსეთი, სამხრეთიდან - ჩინეთი. ჩინურ სახელმძღვანელოებში ყაზახეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი აღნიშნულია, როგორც ჩინეთის ტერიტორია. მართალია, ჩინეთი ჯერჯერობით არ ედავება, მაგრამ იდეოლოგიურ დონეზე მაინც დგას ეს საკითხი, ასე ვთქვათ, მარცვალი ჩაგდებულია. არანაკლები გეგმები აქვს რუსეთსაც ყაზახეთთან დაკავშირებით, ანუ არსებობს ”რუსული პრობლემებიც”. ნამდვილად რთული რეგიონია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ამ დიდ და რთულ სახელმწიფოს მართავს ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატი ნურსულთან ნაზარბაევი, რომლის გონივრული პოლიტიკის წყალობით ყაზახეთმა პოსტკომუნისტური პერიოდი უმტკივნეულოდ გაიარა და ყველა მეზობელთან დაამყარა კეთილი, მეგობრული ურთიერთობა.

 

რა საკითხთან დაკავშირებით გაემგზავრეთ ივლისში უკრაინაში?


- უნდა ითქვას, რომ უკრაინაშიც მთავარი თემა იგივე გახლდათ, რაც ყაზახეთში - აფხაზეთი. უკრაინაში არც ისე მარტივადაა საქმე. მართალია, კიევი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს, მაგრამ ყველა პროცესს, განსაკუთრებით პრობლემურს, პერმანენტულად სჭირდება განახლება. რუსული პროპაგანდა იქაც სჭარბობს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ უტყუარი ინფორმაცია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ, რეალური სურათი, როგორ ვითარდება მოვლენები და ა.შ. ჩემი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ანზორ წოწონავას ვიზიტი დაემთხვა „უკრაინული ენის ლინგვოციდის“ პრობლემას. მიხვდით, ალბათ, რომ ესეც რუსული პოლიტიკის ნაწილია. ამ მოვლენების გამო ჩვენი სამუშაო პროგრამა შეიკვეცა. ლინგვოციდის პრობლემის გამწვავებას ხომ პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, უკრაინის პარლამენტი - უმაღლესი რადა ლამის დაითხოვა უკრაინის პრეზიდენტმა. შევხვდით რადას იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს, აგრეთვე სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს და თანამშრომლებს. დავგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები, კერძოდ, ერთობლივი კონფერენცია, რომელიც შეეხება საქართველოში რესტიტუციის საკითხებს და ზოგადად საერთაშორისო სამართლის საკითხებს. შევხვდით ასევე აფხაზეთიდან დევნილთა დიდ ჯგუფს. საერთოდ, უკრაინაში 7000 აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს. მათ გვთხოვეს დავხმარებოდით დევნილებად დარეგისტრირების საქმეში. ისინი არ ითხოვენ დევნილთა შემწეობას, მათ სურთ, სხვების მსგავსად ირიცხებოდნენ დევნილთა საერთო რაოდენობაში. ჩვენ ეს პრობლემა დავაყენეთ საელჩოს წარმომადგენლებთან. განვიხილეთ რამდენიმე წინადადება მის მოსაგვარებლად. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია საკონსულოებში დაგეგმილი რეფორმის გახორციელება, ანუ იუსტიციის სახლის ფუნქციების შეთავსება. მათ კომპეტენციაში თავისთავად შევა რეგისტრაციის პრობლემის მოგვარებაც.  მთავარია, რომ საკითხი დაისვა და მის გადაჭრაზე ვმუშაობთ.

 

ბატონო გია, ენგურთან ახალი რუსული სასაზღვრო პუნქტების გახსნა, რუსული დიდი სადესანტო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლა და საქართველოს სიახლოვეს განლაგება, ასევე ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გახიზნვა - ყველაფერი ეს საგანგაშო ინფორმაცია ხომ არ არის? არის თუ არა იმის საშიშროება, რომ 2008 წელი განმეორდეს?


- კრემლის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დონეზე - იდეოლოგიურად, ფიზიკურად, პოლიტიკურად დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ აფხაზეთი არის რუსეთის სამხრეთი ნაწილი. სულაც არ არის გასაკვირი, რომ არჩევნების ფონზე მოსკოვი ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას. სხვათა შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლაც იდეოლოგიური ომის ერთ-ერთი მეთოდია. აშკარაა, რომ პუტინი ყველანაირად ეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას საქართველოში, მაგრამ არა მგონია, ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ნატოს წევრობის პრედენდენტ ქვეყანაში გაბედოს 2008 წლის მსგავსი ქმედებები.

 

აფხაზ სეპარატისტებს გაუჩნდათ შიში იმის გამო, რომ თითქოსდა საქართველო ბიოლოგიურ იარაღს ქმნის, რის გამოც აპირებენ მიმართონ დაჩაგრული ერების დაცვის საზოგადოებას


- ეს ისევე სასაცილოა, როგორც ა. ჯერგენიას აბსურდული ბრალდება, თითქოსდა ქართველებს  გეგმაში ჰქონდათ მცირე ატომური ჭურვებით აფხაზეთის დაბომბვა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ბომბავს საქართველო ატომური იარაღით თავისსავე  ხალხს და ტერიტორიას? ჯერგენია არც კი იხსენებს იმას, რომ ისე დამთავრდა აფხაზეთში ომი, ერთი ბომბიც არ ჩამოვარდნილა გუდაუთში, პრაქტიკულად სულ გუმისთისაქეთა აფხაზეთი იბომბებოდა და ეს იმ დროს, როცა ჩვენ ავიაცია გვყავდა, მათ კი არა. არანაირი ბიოლოგიური იარაღი არ არსებობს, ცხადია, რომ საქართველოსგან საფრთხობელას შექმნა სურთ...

 

ამ შემთხვევაში, აფხაზებზე უფრო  გასაკვირი გერმანელი სპეციალისტის დოქტორ კამალ სიდოს აზრია: რეგიონისთვის ამგვარი იარაღის შექმნა მეტად საფრთხილოა, ვინაიდან ქვეყანა ყოველთვის გამოიყენებს მას შიდა პრობლემის მოსაგვარებლადაც კი“?!...


- ალბათ რუსულმა ფსბ-მ კარგად გადაუხადა... ქრთამი ჯოჯოხეთსაც ანათებსო...

 

 


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions