2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს და ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა.
ელგუჯა გვაზავას თქმით: ”4 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ომი არის აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის გაგრძელება. 2008 წლისა და 1992-1993 წლების ომებს შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. რუსეთი ორივეგან ერთი და იმავე სცენარით მოქმედებდა - თავად ქმნიდა ომის მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მერე კი გარედან თავსმოხვეულ და ძალით ჩათრეულ ომში ქართველთა სიძულვილით დაგეშილ სეპარატისტ „ლიდერებს“ რუსული სამხედრო ძალის მეშვეობით „ამარჯვებინებდა“. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული”.