ორი წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის დიდი მამულიშვილი, თვალსაჩინო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს აგრარული აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რიგი მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი ლორიკ მარშანია.
ბატონმა ლორიკმა თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა აფხაზთა და ქართველთა როგორც ისტორიული და ეკონომიკური თანაცხოვრებით, საერთო სამშობლოთი, რელიგიით, ტრადიციებითა და ზნე-ჩვეულებებით, სისხლით ნათესაობით ყველაზე ახლობელი და მონათესავე ხალხების ურთიერთგაგებისა და ერთიანობის პრობლემებს. ის ამ პრინციპების ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლო წუთამდე.
საქართველოს საზოგადოებამ ბატონ ლორიკ მარშანიას უდროო სიკვდილი აღიქვა როგორც ჩვენი სამშობლოს დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი.
14 აგვისტოს, ბატონ ლორიკის აღსრულების 2 წლისთავზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დიდი აფხაზისა და დიდი ქართველის, უდრეკი თანამებრძოლისა და დიდსულოვანი პიროვნების ლორიკ მარშანიას ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი.