13 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში აფხაზეთის საზოგადოების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა შეიკრიბა, რომელმაც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე სეპარატისტთა მცდელობა გააპროტესტა.
ყოვლად დაუშვებელია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხის დასმაც კი, რადგანაც აფხაზეთის ეპარქია უძველესი დროიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა განაცხადეს შეკრების ინიციათორებმა. აფხაზეთის საზოგადოებრიობა მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ეკლესიის წინაშე აყენებენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხს, წარმოადგენენ აფხაზეთის მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს, ხოლო მათი ინტერესები ვიწრო ნაციონალისტური და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება.
ისინი უარყოფენ ქრისტიანული შემწყნარებლობის პრინციპებს და ამართლებენ აფხაზეთიდან მკვიდრი მართლმადიდებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განდევნას, ხელს უშლიან მშობლიურ კერაზე მათ დაბრუნებას. ამ ადამიანების ხელშეწყობით აფხაზეთში მიმდინარეობს უძველესი ქართული ტაძრების დამახინჯება, მათი არქიტექტურული იერსახის შეცვლა და ა.შ.
ამასთან ერთად, შეკრების ინიციატორებმა მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ბართლომე I-ს.
მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I-ს, -
კონსტანტინეპოლის, - ახალი რომის
მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს,
მსოფლიო საპატრიარქოს წმ. სინოდს
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,
მოგმართავთ აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი მართლმადიდებლის სახელით. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 17-18 სექტემბერს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში გაიმართება შეხვედრა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან, რადგან ზოგიერთი აფხაზი სასულიერო პირი სხვადასხვა ეკლესიის წინაშე აყენებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხს.
ეს სასულიერო პირები მიზანმიმართულად ამახინჯებენ ისტორიულ სიმართლეს და ბოლო წლების ფაქტებს. მათ მიერ დავიწყებულია ქრისტიანული სიყვარული და შემწყნარებლობა.
ესენი არიან რუსეთის ეკლესიის კანონიკურ დაქვემდებარებაში მყოფი და ამჟამად მღვდელმოქმედება აკრძალული მღვდელ-მონაზვნები: დოროთე დბარი, ანდრია ამპარი და საქართველოს ეკლესიის წევრი - იეროდიაკონი დავით სარსანია.
ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მართლმადიდებელი აფხაზები, ქართველები, რუსები, ბერძნები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვსვამთ კითხვას - ისინი რატომ უგულვებელყოფენ ჩვენს არსებობას და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს და სურვილს, ვიყოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ეკლესიისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე, ყოველთვის თავგანწირვით იცავდა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და რომლის ისტორიაც ჩვენი წინაპრების სისხლითაც არის დაწერილი.
ბიზანტიისა და საქართველოს ურთიერთობა მრავალ საუკუნეს მოიცავს, იყო რთული ეტაპებიც ისტორიის გზაზე, მაგრამ ყოველთვის გაუმარჯვია ქრისტეს გზის ერთგულებას, ეკლესიათა ძმურ სიყვარულს და ერთმორწმუნე ხალხთა ურთიერთპატივისცემას. გვწამს, რომ მომავალშიც ასე იქნება. მითუმეტეს რომ დღეს თქვენ ბრძანდებით პირველიერარქი ამ უძველესი საპატრიარქო ტახტისა.
საყოველთაოდ ცნობილია თქვენი ღვაწლი მშვიდობისა და ქრისტიანული პრინციპების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში. თანამედროვე ქრისტიანული სამყაროსათვის თქვენ წარმოადგენთ სახეს ჭეშმარიტი მწყემსისა რომელიც განამტკიცებს ეკლესიათშორის სიყვარულსა და ძმობას.
ქართველ ხალხს უყვარხართ და დიდ პატივს გცემენ. ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილგანწყობისა და სამართლიანობისა, რადგან არაერთხელ ყოფილხართ საქართველოში და თქვენი დამოკიდებულება არაერთხელ გამოგიმჟღავნებიათ ჩვენი ხალხისა და ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მიმართ.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თერთმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და მშვენივრად იცნობს ამ მხარეს. იგი დიდი სიყვარულით არის გამსჭვალული აფხაზი ხალხის მიმართ. ამას თვითონაც გრძნობენ აფხაზები და ეიმედებათ პატრიარქი. ამიტომაც წლების მანძილზე საპატრიარქოში სტუმრად ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან კერძო პირები და დელეგაციები აფხაზეთიდან, ბოლო ერთი წლის მანძილზე კი დევნილ აფხაზთაგან 60-ზე მეტი ადამიანი გახდა პატრიარქის ნათლული.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დიალოგისკენ მოუწოდებს აფხაზეთში მყოფ სამღვდელოებას და მუდამ მოთმინებით ეკიდება სასულიერო და საერო პირთა უსამართლო და არაკანონიკურ ქმედებებს.
ვიმეორებთ, ეს ადამიანები წარმოადგენენ აფხაზეთის მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს, ხოლო მათი ინტერესები ვიწრო ნაციონალისტურია. ისინი ამართლებენ აფხაზეთიდან მართლმადიდებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განდევნას და ხელს უშლიან მშობლიურ კერაზე მათ დაბრუნებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა არასწორ ქმედებებზე.
სამწუხაროდ ეს სასულიერო პირები თქვენთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ თითქოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის მიღწევა მსოფლიო საპატრიარქოს დახმარებით შესაძლებელია და აფიშირებას უწევენ ამ აზრს. ჩვენ რა თქმა უნდა, ამის არ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ყოველმხრივ მხარდაჭერას გამოუცხადებს იმას, რომ აფხაზეთის ეპარქიაში არსებული პრობლემა საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში მოგვარდეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებას (მათ შორის აფხაზებსაც) მიეცეს შესაძლებლობა დამწყსონ აფხაზეთის მართლმადიდებელი მრევლი. მითუმეტეს, რომ აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები მართლმადიდებლების აბსოლიტური უმეტესობა იზიარებს ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ პოლიტიკური წნეხის გამო ღიად ვერ გამოხატავს მას.
კიდევ ერთხელ გთხოვთ დაარწმუნოთ განხეთქილების მოსურნენი, რომ მათ საქართველოს ეკლესიის წიაღში უნდა ეძიონ აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, როგორც ამას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი ითვალისწინებს.
ვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევას, გისურვებთ მრავალჟამიერ ნაყოფიერ მოღვაწეობას მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საკეთილდღეოდ.
აფხაზეთიდან დევნილი მართლმადიდებელი მოსახლეობის კრება
თბილისი,
13 სექტემბერი 2012 წელი