როგორც ცნობილია 2012 წელს ეუთოს თავმჯდომარე სახელმწიფო გახლდათ ირლანდია, რომლის თავდაპირველი ოფიციალური განცხადება ამ ამპლუაში შეიცავდა დაპირებას ევროპაში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პროცესში ხელშესახები წინსვლის თაობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი თ. ხუბუა ირლანდიის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდს უფერულს და არაფრისმთქმელს უწოდებს. ”სხვა პერიოდებში ეუთოს თავმჯდომარე - სახელმწიფოებსაც არ მიუღწევიათ ამ მხრივ რაიმე დადებითი შედეგებისათვის, მაგრამ ჩვენ, პრობლემატიკით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის მაინც ვიცოდით, თუ ვინ ცდილობდა ამ მიმართულებით პროცესების გააქტიურებას. ამ მხრივ ირლანდიის ”მცდელობა” ყველაზე უფერული და არაფრისმთქმელი გამოდგა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სახელმწიფომ მხოლოდ წლის ბოლოს შემაჯამებელ სამიტზე გაიხსენა კონფლიქტური რეგიონები, ამ პრობლემატიკით დაზარალებული ადამიანების ინტერესები. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას მსგავსი დამოკიდებულება შეურაცხყოფს” - აცხადებს თ. ხუბუა.