გაზეთ ”ახალ თაობაში”, შემდეგ კი ტელეკომპანია იმედის ”ქრონიკაში” აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აფხაზეთის მთავრობის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა, რის მთავარ მიზეზად მთავრობის თავმჯდომარის უმოქმედობა დაასახელა. ამის პასუხად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გ.ბარამიამ შენიშვნას პროვოკაცია უწოდა, ამასთანავე დასძინა, რომ მისი საქმიანობა ღიაა და დაუფარავი, რასაც პერიოდულად ანგარიშის სახით აწვდის უმაღლეს საბჭოს, ასევე მოწონებას იმსახურებს ცენტრალური ხელისუფლებისგან. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბატონმა თამაზ ხუბუამ.
- ბატონო თამაზ, თქვენ ბრძანეთ, რომ აფხაზეთის მთავრობა ვერ ასრულებს თავისი შესაძლებლობების მინიმუმს, რისი მიზეზიც არის თავმჯდომარის გია ბარამიას უუნარობა.
- ბარამიამ ტელემაყურებლების წინაშე აშკარად იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მთავრობა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს უმაღლეს საბჭოს. სულ ცოტა ხნის წინ მან გამოგზავნა აბსოლუტურად არაადეკვატური, ძვირადღირებული, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით წიგნად გამოცემული 2009-2012 წ.წ. ე.წ. ანგარიში, რომელიც გადატვირთულია მისი სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებით. ეს არ არის ანგარიში, ეს საოჯახო ალბომს უფრო ჰგავს. სხვათა შორის, ამავე წიგნის შესავალში ის წერს, რომ მთავრობის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე, სინამდვილეში კი მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის იგნორირებდა უმაღლეს საბჭოს არა მარტო ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით...
რაც შეეხება პროვოკაციას, მას ეტყობა არც ამ სიტყვის მნიშვნელობა სცოდნია კარგად. პროვოკაცია ის უფროა, როცა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი მუშაობა მოწონებულია ცენტრალურ ხელისუფლებაში. ბარამიამ ისიც კი არ იცის, რომ მისი მუშაობის შეფასების მთავარი ბარომეტრი არის დევნილი საზოგადოება, სადაც მისი ავტორიტეტი ნულის ტოლია, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებაში თვითპიარს ეწევა. ის არის სკამს ჩაბღაუჭებული, უვიცობით, არაკომპეტენტურობითა და არამდგრადი ზნეობრივ-მორალური თვისებებით გამორჩეული ე.წ. სახელმწიფო მოხელე, რომელსაც არ გააჩნია ყველაზე მთავარი - მტკიცე პოლიტიკური პლატფორმა. ის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გახლდათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავგადაკლული მომხრე, პირველი ოქტომბრის შემდეგ კი იმის მტკიცებაშია, რომ არ შეუძლია კოალიცია ”ქართული ოცნების” გარეშე ცხოვრება. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ”ქართულ ოცნებას” მსგავსი პიროვნებები არ სჭირდებათ თავიანთ რიგებში, მით უმეტეს, არ გვჭირდება ჩვენ, დევნილ საზოგადოებას. სხვათა შორის, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა დეპუტატებს გვისაყვედურეს კიდეც მთავრობის ნაკლები კონტროლი, რის შედეგსაც ახლა ვიმკით.
- ნაკლებ კონტროლში რა იგულისხმება?
- როდესაც წყდებოდა მისი თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხი, დეპუტატები, მათ შორის პირადად მეც, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ბარამიას რეპუტაცია არ შეესაბამებოდა ამ თანამდებობას, ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება და როგორც ახალგაზრდა, პერსპექტიულ ადამიანს მივეცით საშუალება და ასპარეზი, რომ დაედასტურებინა თავისი მონდომება, პასუხისმგებლობა დევნილი საზოგადოების წინაშე. ჩვენ მივეცით მას კარტბლანში, მაგრამ შევცდით... მან არათუ ვერ გამოიყენა ეს შანსი, პირიქით, ის თავად იყო ხელისშემშლელი ფაქტორი აფხაზეთის მთავრობის ცალკეული სტრუქტურის საქმიანობაში, გაუგებრად ეკიდებოდა უმაღლეს საბჭოს, როგორც ორგანოსა და მისი თითოეული წევრის ავტორიტეტს, შემოჰქონდა ურთიერთდაპირისპირების მცდელობები. ამ შეცდომის გამოსწორება შეიძლება. უმაღლეს საბჭოს გააჩნია კონსტიტუციური უფლებები და ბერკეტები, რომ უნდობლობა გამოუცხადოს მოქმედი მთავრობის თავმჯდომარეს და მე პირადად ვიქნები ამის ინიციატორი. თუმცა, უკეთესი იქნება, თუკი ბატონი ბარამია თვითონ შეაფასებს რეალურად თავის საქმიანობას და შესაბამის გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებს.