20 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ცნობილმა ენათმეცნიერმა, საქართველოს საპატრიარქოს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და თსუ-ს პროფესორმა თამარ ბელქანიამ დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს გააცნეს ერთობლივი მეცნიერული ნაშრომი ”ენობრივი პოლიტიკის შუქ-ჩრდილები საინფორმაციო ომისა და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის კონტექსტში”.
მათი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს რუსეთის იმპერია 200 წელია აწარმოებს, მაგრამ ახალი ინტენსივობით ის ბოლო დროს გააქტიურდა და ჩვენი ქვეყნის რეგიონებში, მათ შორის სამეგრელოში სეპარატიზმს აღვივებს. სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს ცალკეული ჩვენი თანამემამულის ქმედება. ამით საქართველოს ერთიანობას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ე.გვაზავამ და უმაღლესი საბჭოს სხვა წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს საინტერესო საუბრისათვის, აღნიშნეს, რომ აფხაზეთში სეპარატიზმი სწორედ ენობრივი და ტოპონიმური პრობლემებით დაიწყო, ამიტომაც საქართველოს ცალკეულ კუთხეებში მსგავსი სეპარატიზმის გაღვივება სახელმწიფოებრივ დანაშაულს შეადარეს. სწორედ ამ სეპარატიზმს და საქართველოს ერთიანობას შესწირა თავისი ცხოვრება 300 000 აფხაზეთიდან დევნილმა, რომელმაც ერთიანი საქართველოს კონტურებში დევნილის სტატუსით ცხოვრება ამჯობინა სეპარატისტულ აფხაზეთში დარჩენას. გამოითქვა აზრი, რომ ამ პრობლემის ირგვლივ მხოლოდ მეცნიერულ დონეზე დავა არ გამოდგება და მის გადასაჭრელად უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პროგრამა.